რეზონანსი
25.07.2019

 (რეზონანსი) გურამიშვილზე მოკლული 20 წლის შაკო ტყემალაძის ოჯახის ახლობელი მომხდარზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბინა სადაც საზარელი ტრაგედია დატრიალდა, ტყემელეძეებს ეკუთვნით. უცხოეთიდან დაბრუნებულ შაკოს ოჯახმა საჩუქარი გაუკეთა და კეთილმოწყობილი ბინა რამდენიმე დღის წინ აჩუქა.

„შაკო ძალიან წესიერი ბიჭია, მასზე წარსულში საუბარი ყველას გვიჭირს. წარმატებული სტუდენტი იყო და უცხოეთიდან, სადაც გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა, სულ ახლახანს დაბრუნდა. დედ-მამამ ბინა მოუწყო, ძალიან გახარებული იყო - დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებდა. არავის გაკვირვებია, როცა უთქვამს, ჩემს ბინაში გადავალ და მალევე დავბრუნდებიო. როცა აღარ გამოჩნდა და ტელეფონსაც არ უპასუხა, გრიგოლი შეწუხდა და შვილის კუთვნილ ბინაში წავიდა. როგორც ამბობენ, კარიც სათადარიგო გასაღებით გააღო და...

ორივე ბიჭი ტყვიით მიყენებული ჭრილობით არის გარდაცვლილი. ერთ-ერთს შუბლი აქვს გახვრეტილი. ვერსიებზე საუბარი ძალიან გვიჭირს, პოლიცია არაფერს ამბობს, ხალხში კი ორი ვერსია ტრიელებს. პირველი - მკვლელობა, თუმცა რა იყო მოტივი, ჩემთვის ამოუხსნელია, რადგან შაკო ჭიანჭველასაც არ დააბიჯებდა. ოჯახს მტრები არ ჰყავს. მცირე ბიზნესი აქვთ და თავისთვის ცხოვრობენ.

მეორე გარდაცვლილი შაკოს მეგობარია, ისიც უცხოეთში სწავლობდა, თურმე. ეტყობა იქ დამეგობრდნენ, ვერ გეტყვით. ამბობენ იმასაც, რომ იარაღი ერთ-ერთს გაუვარდა, შემდეგ კი თავი მოიკლაო. იმედია, ამ კითხვას გამოძიება მალე გასცემს პასუხს"- ამბობს „ნიუპოსტთან" ოჯახის ახლობელი.

რაც შეეხება მეორე მოკლულს გურამ კოღუას, ახალგაზრდა გერმანიიდან ახალი ჩამოსულია და ლისზე ცხოვრობდა. ისევე როგორც შაკოს, გუკასაც დადებითად ახასიათებენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

20-21 წლის შაკო ტყემელაძეა და გუგა კოღუა გუშინ დაახლოებით, 20:00 საათზე, გურამიშვილის გამზირის 74 ნომერში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. საზარელი სურათი პირველმა შაკოს მამამ, გრიგოლ ტყემალაძემ ნახა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×