„თითოეულ ქვეყანას გარკვეული კვოტა ექნება (მიგრანტების მიღების) და თავშესაფრის მაძიებლები გადანაწილდებიან ამ კვოტების შესაბამისად. მხოლოდ მიგრანტების მიღება არ არის საკმარისი და ეს ფინანსურ დანახარჯებს უკავშირდება.
"გასათვალისწინებელია უშუალოდ მოსახლეობის განწყობებიც, რადგან მათ გარკვეული შიში აქვთ იმისა, რომ ეს ხალხი, უპირველეს ყოვლისა, მათ სამუშაო ადგილებს წაართმევს", - ასე შეაფასა „რეზონანსთან" საუბრისას ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ვანო ჩხიკვაძემ ევროკავშირის 14 წევრი ქვეყანის მიერ მიგრანტების გადანაწილების ახალ მექანიზმზე შეთანხმება.
კერძოდ, 14-მა წევრმა ქვეყანამ გერმანიისა და საფრანგეთის მიერ შეთავაზებულ „სოლიდარობის მექანიზმს" მხარი დაუჭირა, რომელიც ბლოკის შიგნით მიგრანტების გადანაწილებას ითვალისწინებს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები იმიგრაციისა და უსაფრთხოების საკითხების განსახილველად პარიზში შეიკრიბნენ.
ვანო ჩხიკვაძის განცხადებით, ევროკავშირის 14 წევრი ქვეყანის მიერ მიგრანტების გადანაწილების ახალ მექანიზმზე შეთანხმება გულისხმობს გარკვეული კვოტების დადგენას, რაც განსაზღვარავს იმას თუ რომელი ქვეყანა რამდენ მიგრანტს მიიღებს:
„ეს ეხება იმას, რომ თითოეულ ქვეყანას გარკვეული კვოტა ექნება (მიგრანტების მიღების) და თავშესაფრის მაძიებლები გადანაწილდებიან ამ კვოტების შესაბამისად. როგორ ვიცი, ყველაზე დიდი, ამ მხრივ, არის გერმანიის კვოტაა და თავის დროზე, როდესაც ამ ინიციატივის პირველი ტალღა წამოვიდა, თავშესაფრის მაძიებელთა ყველაზე დიდი რაოდენობა გერმანიამ მიიღო - დაახლოებით ერთ მილიონ ადამიანზეა საუბარი", - თქვა ვანო ჩხიკვაძემ.
როგორც განიმარტა, შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინის, იმ დროს როდესაც მისი ქვეყანა ევროკავშირში მიგრანტების ერთერთი ყველაზე აქტიური გამტარია.
ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი აღნიშნავს, რომ იტალიის მიერ მიგრანტების მიღებაზე უარის თქმა შესაძლოა, რომ თავად მოსახლეობის ინიციატივა ყოფილიყო:
„ეს უშუალოდ ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, აქედან გამომდინარე გამიჭირდება ზუსტი მიზეზის დასახელება. შესაძლოა, იტალიის ხელისუფლება თვლის, რომ ის უბრალოდ არ არის მზად იმისთვის, რომ მიიღოს თავშესაფრის მაძიებლები, უზრუნველყოს ეს ხალხი მინიმალური სტანდარტების დაცვით - საცხოვრებლით, საზოგადოებაში ინტეგრაციით და ა.შ.
"მხოლოდ მიგრანტების მიღება არ არის საკმარისი და ეს, გარკვეულწილად, ფინანსურ დანახარჯებს უკავშირდება. ჩემი ვარაუდით, შესაძლოა, რომ ამ მიზეზით იტალია არ იყო მზად იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო.
„გარდა ამისა, გასათვალისწინებელია უშუალოდ მოსახლეობის განწყობებიც, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს გაითვალისწინოს მოსახელობის განწყობა და არ გამოვრიცხავ იმას, რომ შესაძლებელია, მიგრანტების მიღების წინააღმდეგი იყო ადგილობრივი მოსახლეობა. კვლევებს ზუსტად არ ვიცნობ, მაგრამ ყოველთვის არის იმის შიში, რომ მიგრანტი გარკვეულ წილად სამუშაო ადგილს ართმევს ადგილობრივ მოსახელობას - არის იმის შანსი, რომ ამასთან გვქონდეს საქმე", - დასძინა ჩხიკვაძემ.
მისივე თქმით, მიგრანტების გადანაწილების საკითხი ევროპის დღის წესრიგში ერთერთ მოწინავე პოზიციას იკავებს იმიტომ, რომ შესაძლოა, თავად მოსახლეობა იყოს წინააღმდეგი მათი მიღების და თავად სახელმწიფო არ უწევს წინააღმდეგობას ადგილობრივებს:
„თვითონ ეს თემაა ძალიან დელიკატური. რეალურად, ბევრი ქვეყანა და ბევრი ქვეყნის მოსახლეობა ეწინააღმდეგება მიგრანტების მიღებას, რადგან მათ გარკვეული შიში აქვთ იმისა, რომ ეს ხალხი, უპირველეს ყოვლისა, მათ სამუშაო ადგილებს წაართმევს.
„მგონია, რომ ამ შიშიდან გამომდინარეობს საკითხის დელიკატურობაც და სიმწვავეც. შესაბამისად, ცდილობენ, რომ გამონახონ ოქროს შუალედი საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით, რომელიც ქვეყანას აქვს და გულისხმობს თავშესაფრის მაძიებლის მიღებას, რომელიც გამოურბის თავისი ქვეყნიდან ჩაგვრას ან დისკრიმინაციას და ასევე გაითვალისწინოს ის განწყობები, რომელიც თავისი ქვეყნის მოსახლეობაშია", - მიიჩნევს ვანო ჩხიკვაზე.