რეზონანსი
23.07.2019

 (რეზონანსი) ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობაში მსჯავრდბეული გიორგი ყუფარაძე დამნაშავედ სცნო. მსჯალულებმა ვერდიქტი ცოტა ხნის წინ გამოიტანეს, რის შემდეგაც მოსამართლემ ყუფარაძეს სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

50 წლის გიორგი ყუფარაძეს კრიმინალურ წრეებში „ბეტონას" მეტსახელით იცნობენ. მას პროკურატურამ ბოლო ბრალდება დედა-შვილ კვეზერელების მკვლელობისთვის დაუსწრებლად წარუდგინა.

მკვლელობა 2014 წელს მოხდა, თუმცა საქმე გახსნილად 2016 წელს გამოცხადდა. ეს მაშინ, როცა 571 აბი სუბოტექსით ხელში დანაშაულის თანამონაწილე ვასილ გოშაძე დააკავეს. მას ნარკორეალიზაციის ბრალდებით უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა სამუდამო სასჯელს გამოძიებასთან თანამშრომლობა არჩია და სამართალდამცველებს გურამ კვეზერელის ცხედრის ადგილმდებარეობა და მკვლელობის მთავარი ფიგურანტი - გიორგი ყუფარაძე დაუსახელა. ამის შედეგად გოშაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და უვადო პატიმრობის ნაცვლად, მხოლოდ 14-წლიანი სასჯელი აკმარეს. მის მიერ მხილებული ყუფარაძე კი იმ დროისთვის საქართველოში უკვე აღარ იმყოფებოდა. ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე „ბეტონა" 2016 წლის აპრილში საბერძნეთში დააპატიმრეს და ორწლიანი საექსტრადიციო პატიმრობის შემდეგ საქართველოში ჩამოიყვანეს.

„2014 წლის 17 დეკემბერს, თბილისის ზღვის დასახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნაპოვნი იქნა 1965 წელს დაბადებული ნატო კვეზერელის ცხედარი, ხოლო მისი შვილი - 1986 წელს დაბადებული გურამ კვეზერელი გაუჩინარდა. სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაადგინეს, რომ ორმა პირმა კვეზერელების კუთვნილი თანხის დაუფლების მიზნით, დედა-შვილის მკვლელობა დაგეგმა. ამ მიზნით, 2014 წლის 17 დეკემბერს დამნაშავეებმა კოჯორში, ერთ-ერთ აგარაკზე, მოტყუებით მიიყვანეს გურამ კვეზერელი და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავეებმა გარდაცვლილის ცხედარი კასრში მოათავსეს, სპეციალური მჟავა დაასხეს და აგარაკის ეზოში ჩამარხეს.

იმავე დღეს აღნიშნული პირები, განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მივიდნენ თბილისის ზღვის დასახლებაში, გურამ კვეზერელის დედის, ნატო კვეზერელის სახლში. ნატო კვეზერელს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. დამნაშავეებმა სახლიდან 12 000 აშშ დოლარი, გურამ კვეზერელის სახელზე გაფორმებული 2 ცეცხლსასროლი იარაღი, პორტატიული კომპიუტერი და პირადი ნივთები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ", - განმარტეს შსს-ში.

სწორედ ამ დანაშაულის გახსნაში დაეხმარა გამოძიებას ვასილ გოშაძე და აღიარა, რომ დედა-შვილი კვეზერელები მან და მისმა ბავშვობის მეგობარმა, გიორგი ყუფარაძემ დახოცეს.

კვეზერელების საქმემ ზედაპირზე ამოატივტივა წარსულში ჩადენილი სხვა მძიმე დანაშაულებიც, სადაც ასევე ვასილ გოშაძისა და გიორგი ყუფარაძის სახელი ფიგურირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×