(რეზონანსი) „ნანუკას შოუს" წამყვანს არ სჯერა, რომ ახალი ხელმძღვანელობის პირობებში არხზე სარედაქციო დამოუკიდებლობა შენარჩუნდება. ნანუკა ჟორჟოლიანმა „რუსთავი 2"-ის ეთერში დღეს საგანგებო შოუ მოაწყო.
„ჩემთვის ძალიან დიდი დისკომფორტი იყო დღეს სამსახურში წამოსვლა. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც რაღაცის სჯერათ. მე ამ არხზე ვმუშაობდი, როცა ქიბარ ხალვაში მოვიდა და ეს ეტაპები გავლილი მაქვს მასთან. მაშინ ის ირაკლი ოქრუაშვილს წარმოადგენდა და დღეს წარმოადგენს სხვას. ეს ყველაფერი რომ გავლილი მაქვს, ზუსტად ვიცი ახლა რა პროცესებია.
მაშინ ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდა, ახლა წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილს. ყველამ იცის ჩემი ხასიათი. მე კომფორტის ზონაში ვერ ვარ დღეს აქ. ვერც ამ სტუდიაში, ვერც ამ შენობაში, არა ვარ კარგად, მაგრამ ზუსტად ვხდები, მე რომ ახლა აქედან გავიდე ჩემს ახალ ხელმძღვანელს ძაან გავუადვილებ ცხოვრებას. იმიტომ რომ მასაც ეს უნდა - ემოციურად მივიღო გადაწყვეტილება, კარი გავიჯახუნო და სახლში წავიდე. შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება, რომ დისკომფორტი შევქმნა. მე ასე მჯერა, რომ აქ არანაირი სარედაქციო დამოუკიდებლობა არ იქნება. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ასე მჯერა", - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2" ოფიციალურად გადაიფორმა.
თანამშრომლებთან შეხვედრის დროს ნანუკა ჟორჟოლიანმა მათი ხელშეუხებლობის გარანტიად 2-წლიანი ხელშეკრულებები მოსთხოვა.
როგორც დღეს სალიამ განაცხადა, მან ეს საკითხი ქიბარ ხალვაშთან უკვე განიხილა და გადაწყვეტილება დღეს გვიან გახდება ცნობილი.