რეზონანსი
19.07.2019

 დაპირისპირება ამერიკასა და თურქეთის ავტოკრატ ლიდერს შორის შორის ამ უკანასკნელის მიერ რუსული რაკეტების შესყიდვაზე დღითიდღე მძაფრდება და უკვე ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ მოსკოვში იმედოვნებენ, ანკარა საბოლოოდ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დატოვებს.

როგორც ახლახან რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ თქვა, პრეზიდენტი ერდოღანი თავად იძახის, ჩემთვის ნატო პრიორიტეტი უკვე არ არისო.

"ერდოღანმა პირადად მითხრა, რომ თურქეთი მზადაა, დატოვოს ალიანსი და უპირატესობას ევროკავშირში გაწევრიანებას ანიჭებს. თუმცა ევროპელები მათ არ იღებენ, აი, ნატომ კი ერთ-ერთი პირველები მიიღო, რადგან ამ ქვეყნის ტერიტორია რუსეთის წინააღმდეგ კარგ პლაცდარმს წარმოადგენს," - ჟირინოვსკის სიტყვების ციტირებას ახდენს გამოცემა "მოსკოვსკი კომსომოლეცი".

შეგახსენებთ, რომ ამერიკის დაჟინებული თხოვნის, ბოლოს კი ულტიმატუმის მიუხედავად, ერდოღანმა რუსულ რაკეტებზე უარი მაინც არ თქვა და ერთი კვირის წინ ანკარას სიახლოვეს მდებარე სამხედრო ავიაბაზაზე რუსულმა ავიაციამ ეს-400-ის სისტემების პირველი პარტია ჩაიტანა.

შესაბამისად, ჩინეთისა და ბელორუსის შემდეგ, თურქეთი მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც ეს უახლესი რუსული ანტისაჰაერო სისტემები მიიღო.

მეტიც, თურქეთის ავტოკრატი ლიდერი ვაშინგტონს იქით ემუქრება, რომ თუ ამერიკელები ქვეყნის წინააღმდეგ სანქციებს არ გააუქმებენ, ის მხოლოდ ანტისაჰაერო სისტემებით არ შემოიფარგლება და რუსებისგან უკვე ავიაგამანადგურებლებსაც იყიდის.

შეგახსენებთ, რომ ამერიკა თავიდანვე ამ გარიგების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რასაც იმით ხსნიდა, რომ რუსულმა სისტემებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ უახლეს ავიაგამანადგურებელ ეფ-35-ს. ვაშინგტონი დაიმუქრა, რომ თუ ანკარა ამ გარიგებაზე უარს არ იტყოდა, მას ეფ-35-თან დაკავშირებული სამხედრო პროგრამიდან გარიცხავდა, რაც გააკეთა კიდეც.

ამერიკელები ერდოღანს სთხოვდნენ, რომ ეს-400-ის ნაცვლად საკუთარი ანალოგიური სისტემები „პეტრიოტი" ეყიდა. საინტერესოა, რომ ერდოღანმა რუსული რაკეტების შესყიდვის მიზეზად ის გარემოება დაასახელა, რომ ამერიკელებმა ანალოგიური კომპლექსების "პატრიოტების" მიყიდვაზე თითქოს უარი უთხრეს. ამაზე ვაშინგტონში პასუხობენ, რომ სინამდვილეში ერდოღანი "პატრიოტებთან" ერთად შესაბამისი ტექნოლოგიების გადაცემასაც ითხოვდა, რაც ამერიკისთვის მიუღებელი იყო, რადგამ ამ შემთხვევაში თურქეთი თავად შეძლებდა ასეთივე სისტემების დამზადებას.

ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში ამერიკამ თუქრეთს ეფ-35-ებისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდება შეუწყვიტა. მაისის ბოლოს კი ორკვირიანი ულტიმატუმი წაუყენა, რაც ეფ-35-ის პროგრამიდან მის საერთოდ ამოგდებას გულისხმობს.

როგორც ჩანს, ულტიმატუმმა არ გაჭრა და ამერიკელებმა უარი თქვეს, არა მარტო ეფ-35-ების თურქეთის სათადარიგო ნაწილებით მომარაგებაზე, არამედ თვითმფრინავების მიწოდებაზე და თურქი მფრინავების წვრთნაზეც.

ამას გარდა, როგორც ამერიკული გამოცემა "ბლუმბერგი" იტყობინება, ამის საპასუხოდ თურქები ახლა განიხილავენ ვარიანტებს, რომ ამერიკული ავიაგამანადგურებელი რუსული ანალოგებით ჩაანაცვლონ.

მთლიანად, ეს-400-თან დაკავშირებული გარიგება თურქეთს 2.5 მილიარდი დოლარი დაუჯდება. ეს თავის კლასში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპლექსია, რომლის დიაპაზონი 400 კილომეტრია, რომლის ფარგლებშიც შეუძლია ერთდროულად რამდენიმე სამიზნე გაანადგუროს, მათ შორის ისეთი რთული სამიზნეები, როგორიცაა მოწინააღმდეგის ავიაგამანადგურებლები, ფრთოსანი რაკეტები და ბალისტიკური რაკეტების ქობინები.

აქვე შეგახსენებთ, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, მისი ჯარი კი ალიანსის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთი უდიდესია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×