თამარ შუკვანი
18.07.2019

 კვირას უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელსაც დიდი ალბათობით ისევ ვლადიმერ ზელენსკის ახლადშექმნილი პარტია „ხალხის მსახური" მოიგებს. ბოლო გამოკითხვებით, „ხალხის მსახურს" ამომრჩევლის დაახლოებით 38% უჭერს მხარს და ამ კუთხით ის უპირობო ლიდერია. მეორე ადგილზე 11%-ით პრორუსული პარტია „ოპოზიციური პლატფორმაა", ხოლო მესამე ადგილს ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პარტია იკავებს.

როგორც უკრაინელი და დასავლელი მიმომხილველები აცხადებენ, კორუფციის არნახული მასშტაბებითა და უკიდურესად დაბალი ცხოვრების დონით შეწუხებული უკრაინელები მხარს ისევ ზელენსკის პარტიას დაუჭერენ.

აღსანიშნავია, რომ პარტიის დასახელება „ხალხის მსახური" მოდის ფილმიდან, სადაც კომიკოსი ზელენსკი მთავარ როლს თამაშობს. ამ ფილმში ზელენსკის გმირი არის ისტორიის ძალიან მიამიტი, თუმცა კეთილი მასწავლებელი, რომელიც შემთხვევით ხდება უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკის საარჩევნო კამპანია, ისე როგორც მისი პირველი ნაბიჯები პრეზიდენტობის შემდეგ, ამ ფილმის მთავარი გმირის ნაბიჯებს წააგავს.

თუმცა ხალხი მაინც ელოდება გადამწყვეტ ზომებს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით და ეკონომიკის გაჯანსაღების მხრივ. აღსანიშნავია, რომ ის კითხვები, რომელიც ზელენსკის მიმართ არსებობდა ოლიგარქ იგორ კოლომოისკისთან დაკავშირებით, ისევ ძალაში რჩება. კოლომოისკი ცდილობს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბანკი, პრივატბანკი დაიბრუნოს, რომლის ნაციონალიზაცია 2016 წელს პოროშენკოს მთავრობის მიერ მოხდა.

არსებობს ეჭვი, რომ კოლომოისკი, რომელიც, ბევრის აზრით, რეალურად ზელენსკის უკან დგას, ახალი პრეზიდენტის საშუალებით ბანკის დაბრუნებას შეეცდება. თუ ასე მოხდა, როგორც ბევრი დასავლელი ეკონომისტი ამბობს, საერთაშორისო ინვესტორების დიდი ნაწილი უკრაინას ფინანსურ დახმარებას ან შეუმცირებს ანდა საერთოდ გააუქმებს. ასე რომ, კოლომოისკისთან ურთიერთობა, ბევრის აზრით, იქნება პირველი დიდი და სერიოზული გამოცდა უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტისათვის.

უკრაინას ახლახანს რუსეთმა კიდევ ერთი უსიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა; გაიმეორა ის ნაბიჯი, რასაც საქართველოში ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში 2000-იანების დასაწყისიდან აკეთებდა. კერძოდ, ვლადიმირ პუტინმა ორი დღის უკან ხელმოწერილი ბრძანებით მწვანე შუქი აუნთო დონბასის მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას. ეს პირველად საქართველოში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჩატარდა, რასაც მაშინ „პასპორტიზაცია" ეწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×