(რეზონანსი) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნოდარ გოგალაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას გულისხმობს. გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.
ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ საჭიროდ არ ჩათვალა, სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების შესახებ კონვენციის მე-13 მუხლთან დაკავშირებული საჩივრის განხილვა.
33 წლის ნოდარ გოგოლაძემ საქართველოს სახელმწიფოს ევროსასამართლოში არაადამიანური მოპყრობის გამო უჩივლა. საქმე ეხება 2008 წელს მომხდარ ფაქტს.
განმცხადებელი საკუთარ საჩივარში მიუთითებს, რომ მისი დაკავების დროს პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, ის ასევე ჩივის საქართველოში წარმოებული არაეფექტური გამოძიების გამო.
იმ დროისთვის 22 წლის ნოდარ გოგოლაძე არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ბორჯომის პოლიციამ, 2008 წლის 13 თებერვალს დააკავა. იგი იმავე დღეს დაკითხეს, როგორც ეჭვმიტანილი, ხოლო მომდევნო დღეს , როგორც ბრალდებული. მან ძალადობის ფაქტი უარყო, თუმცა არასრულწლოვანთან სექსუალური კონტაქტის რამდენიმე ასპექტი აღიარა.
2008 წლის 15 თებერვალს იგი გადაიყვანეს თბილისის მე-5 ციხეში, სადაც ორი თვე ჰყავდათ წინასწარ პატიმრობაში. მიყვანის დროს. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეყვანის დროს მას თავზე აღმოაჩნდა მძიმე დაზიანებები. გოგოლაძემ თავდაპირველად განაცხადა, რომ არ ჰქონდა პრეტენზია პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობაზე, თუმცა 2008 წლის აპრილში, თბილისის N8 ციხეში გადაყვანის შემდეგ, მან პროკურორს განუცხადა, რომ პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი გადმოცემით, პოლიციის ხუთმა ოფიცერმა სასტიკად სცემა, მათ შორის თავის არეში.
დაიწყო გამოძიება, მიიღეს სხვადასხვა ზომები. პოლიციის ოფიცრების ვარაუდით, ბატონი გოგოლაძე, სავარაუდო გაუპატიურების მსხვერპლის ბიძამ სცემა, თუმცა ოფიცრებმა ასევე აღნიშნეს, რომ გოგოლაძეს არ აღენიშნებოდა შესაბამისი დაზიანებები დაკავების დროს.
სასამართლო ექსპერტიზა ჩატარდა 2009 წლის თებერვალსა და მარტში, თუმცა ექსპერტებმა ვერ დაადგინეს კავშირი განმცხადებლის სხეულის დაზიანებებს, თავის ტკივილსა და გულის რევას შორის, რომელსაც იგი იმ დროს ჩიოდა.
გამოძიება პროკურორმა დახურა 2016 წლის იანვარში, დანაშაულის არარსებობის საფუძველზე.
ნოდარ გოგოლაძე მიიჩნევს, რომ მის მიმართ დაირღვა ევროკონვენციის რამდენიმე მუხლი, კერძოდ: არაადამიანური, სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობა, არაეფექტური გამოძიება და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების წართმევა.