(რეზონანსი) „რუსთავი2"-ის 9 პროცენტიანი წილის მფლობელი, ნინო ნიჟარაძე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავს.
ნიჟარაძის ადვოკატ გიორგი ყავლაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სახელით გენერალურ პროკურატურას ხვალ მიმართავს.
გიორგი ყავლაშვილი, ადვოკატი:
- თავისთავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 18 ივლისს მისაღები გადაწყვეტილება ჩვენთვის რისკის შემცველია. ჩვენ ვშიშობთ და გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ შესაძლოა შიდა სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩეს, რაც ნიშნავს არხზე ქიბარ ხალვაშის მისვლას. ასეთ შემთხვევაში, საფუძველი ეცლება ნინო ნიჟარაძის სამოქალაქო დავას.
მოგეხსენებათ, ჩვენ რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორს და დომინანტ პარტნიორებს ვედავებით სამოქალაქო წესით და ვითხოვთ თავად კომპანიის და ნინო ნიჟარაძის სასარგებლოდ გარკვეული თანხების დაკისრებას. იმ შემთხვევაში, თუ რუსთავი2-ის მფლობელობასთან დაკავშირებით ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდება, ავტომატურად ეს გავლენას იქონიებს ჩვენს სამოქალაქო სარჩელზე და ნინო ნიჟარაძე ვეღარ შეძლებს დავის გაგრძელებას, ვინაიდან არც ნიჟარაძე და არც ის პარტნიორები, ვისაც ჩვენ ვედავებით აღარ იქნებიან ტელეკომპანიის მფლობელები. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვრჩება ერთადერთი გზა - არხის გენერალურმა დირექტორმა სისხლის სამართლის წესით აგოს პასუხი მის ქმედებებზე, რომელიც კომპანიისთვის იყო ცალსახად დამაზიანებელი.
ამიტომაც, მივმართავთ საგამოძიებო ორგანოებს. მიუხედავად იმისა, ჩვენ დავრჩებით თუ არა მეწილედ, საგამოძიებო ორგანო ვალდებული იქნება გაარკვიოს ჰქონდა თუ არა ადგილი დანაშაულებრივი ფაქტის არსებობას... ჩვენ გვსურდა ამ წილის გაყიდვა, თუმცა დომინანტმა პარტნიორებმა არც სხვაზე გაყიდვის უფლება მისცეს და არც თავად შეიძინეს ეს წილი. ჩვენ არ ვაპირებთ ასეთი დამოკიდებულება დაუსჯელი დარჩეს. მთელი ამ წლების განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობდნენ ნინი ნიჟარაძის უგულებელყოფას. ელემენტარულად დირექტორთან გაფორმებული კონტრაქტიც კი არ ყოფილა მეწილესთან შეთანხმებული, კონტრაქტი, რომელიც თურმე გულისხმობს ნიკა გვარამიას გათავისუფლების შემთხვევაში მისთვის 5 მილიონიანი კომპენსაციის გადახდას.
- კონკრეტულად, რა მუხლით ითხოვთ გამოძიების დაწყებას ნიკა გვარამიას მიმართ?
- ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს დირექტორის მიერ სპეციალური უფლებამოსლების ბოროტად გამოყენებას, თუმცა გამოძიების პროცესში არ არის გამორიცხული, სხვა კვალიფიკაციაც გამოიკვეთოს.
პრაიმტაიმი