რეზონანსი
15.07.2019

 (რეზონანსი) დავით გარეჯში მყოფი გიდის, ირაკლი მარუქაშვილის ინფორმაციით, დავით გარეჯში ქედის გარკვეულ ნაწილამდე მისვლა ვეღარ ხერხდება.

როგორც გიდმა "ინტერპრესნიუსს" დავით გარეჯში განუცხადა, თუკი აქამდე აღდგომის ტაძრამდე და ჩიჩხიტურის კოშკამდე მისვლა იყო შესაძლებელი, ახლა ესეც ვერ ხერხდება.

ამასთან, ირაკლი მარუქაშვილის თქმით, 14 ივლისს, დავით გარეჯში აზერბაიჯანელ მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის მომხდარ ინციდენტს არ შესწრებია, რადგან იმ დროს გარეჯში არ იმყოფებოდა.

"გუშინ დავით გარეჯში მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მეც ინტერნეტსივრცით გავიგე. როგორც გავიგე, დიდ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. დღეს კი ასულები ვიყავით, დავათვალიერეთ ლავრა. ფერდზე გვინდოდა გადასვლა, როგორც აქამდე ხდებოდა, თუმცა სამწუხაროდ, ახლა ესეც ვეღარ ხერხდება. საიდანაც იწყება რკინის პირველივე ღობე, მხოლოდ იქამდეა ასვლა შესაძლებელი. ქართველი სამხედროები იქ დგანან და გვითხრეს, რომ მეტ მანძილზე ფიზიკურად ვერ გაგვიშვებდნენ, ბრძანება აქვთ ასეთი", - განაცხადა ირაკლი მარუქაშვილმა.

რაც შეეხება ხატებს, რომლებიც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა კელიებიდან გამოიტანეს, გიდის ინფორმაციით, სიწმინდეები ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს.

მისი თქმით, ადგილობრივების გაღიზიანება სწორედ იმან გამოიწვია, რომ ტაძრებიდან სიწმინეები აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გამოიტანეს და ამ ფაქტზე შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×