რეზონანსი
15.07.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, 20 ივნისს პოლიციაზე უშუალო ძალადობაში დაახლოებით 150-200 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა მათ „ზურგს უკან ხალხი მხარს უჭერდა".

როგორც გიორგი გახარიას მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა, პოლიციაზე მოძალადე ადამიანების უკან მყოფი ხალხი, მათ აწვდიდნენ ბლაგვ საგნებს ქვებს და ბოთლებს.

„ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, ეს იყო ასეულობით ადამიანი, 150-200 კაცი უშუალოდ ძალადობდა, თუმცა მათ უკან იყვნენ სხვები, ზურგს უკან ხალხი მხარს უჭერდა, აწოდებდნენ ბლაგვ საგნებს, ქვებს, ბოთლებს, თუმცა ბირთვს, რომელიც დაუპირისპირდა პოლიციას და ურტყამდა, ვფიქრობთ, ასეულობით კაცი შეადგენდა", - აღნიშნა საბანაძემ „კვირის პალიტრასთან".

კითხვაზე: რატომ არ მოხდა ამ ჯგუფების განეიტრალება თავშივე და რატომ არ მოხდა მათი შეყვანა პარლამენტის ტერიტორიაზე, სადაც პოლიციამ რამდენიმე დაკავებული შეიყვანა, კახა საბანაძემ აღნიშნა, რომ პოლიციაზე შეტევა დისტანციურად ხდებოდა.

„კონკრეტული ციფრის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან არ არის დაზუსტებული, რამდენი კაცი იყო აგრესიული, შეიძლება იმ ეტაპზე 200-300 მოქალაქე აწვებოდა პოლიციას, მაგრამ ისინი იცვლებოდნენ, ვიღაც იღლებოდა, გამოდიოდა და მას სხვა ცვლიდა, ვიღაც ბლაგვ საგანს ან ქვას იღებდა და ისე უსწორდებოდა პოლიციას. რა თქმა უნდა, ვაკავებდით ამ ხალხს, მაგრამ ისინი, ძირითადად, დისტანციურ კონტაქტში შემოდიოდნენ - "დუბინკებითა" და სხვადასხვა საგნით და მათი პირდაპირ დაკავება და შიგნით შეყვანა, ვერ ხერხდებოდა. შეუძლებელი იყო ყველას დაკავება", - დასძინა გახარიას მოადგილემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×