რეზონანსი
13.07.2019

 (რეზონანსი) „ქართველი რამდენადაც ემოციურია, იმდენად ძალიან ძნელად ივიწყებს ტკივილს" - ამის შესახებ დეკანოზმა თამაზ ლომიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, საქართველოს რუსეთისგან არა მხოლოდ 2008,1993,1989 წლების მოვლენები ახსოვთ, არამედ საუკუნოვანი რუსულ ქართული სისხლიანი ისტორია.

„რუსს არ ესმის ქართული ხასიათის ერთი მთავარი თავისებურება: ქართველი რამდენადაც ემოციურია, იმდენად ძალიან ძნელად ივიწყებს ტკივილს. ალბათ, სწორედ ეს თვისებაც აძლევდა ქართველებს დაკარგულის დაბრუნების ძალას და ტკივილის დავიწყების ამ უუნარობამ გადაარჩინა საქართველო გაქრობას.

საკვირველია, რამდენად არ იცნობს რუსი დღემდე ქართველთა ხასიათს; მათ ჰგონიათ, ქართველები გულში გაყრილი დანით შეძლებენ ტკივილის დავიწყებას და ქვეყნის მტერთან მეგობრობას. გაიგეთ, რომ ეს შეუძლებელია. თქვენგან მოყენებული არათუ 2008, 1993 ან 1989 წლის ტკივილები, არამედ ბევრად ძველი სიმწარეები ახსოვს ქართველს და ნუ გგონიათ მონანიების და წართმეულის დაბრუნების გარეშე შესძლებს საქართველო თქვენთან მეგობრობას.

რუსებო, დახედეთ ამ რუკას და გახსოვდეთ: ეს წითელი ადგილები ქართველთა გულში გაყრილი დანებია და ამას ვერასოდეს დაივიწყებს საქართველო. ამის განკურნების გარეშე ვერ დაიმეგობრებთ საქართველოს. იქაა ჩვენი სისხლის და ხორცის სახლ-კარი, უპატრონოდ მიტოვებული, დაყრუებული, გაშავებული და ვერ შეძლებს ქართველი ამ ტკივილის დავიწყებას. ამიტომ, მოინანიეთ ჩადენილი მტრობა, მოინანიეთ თქვენი გაუმაძღრობა და უკან დაუბრუნეთ ქართველებს წართმეული. გახსოვდეთ: თუ ტკივილს ვერ ივიწყებს, სიკეთეს ათასგზის უფრო ვერ დაივიწყებს ქართველის გული.

მონანიება ქრისტიანობაში ნიშნავს არა ბოდიშს, არა ყალბ სიტყვებს ან ცრემლებს, არამედ ჩადენილი დანაშაულის საქმით გამოსწორებას. დაუბრუნეთ ქართველებს საკუთარი მიწა-წყალი!" - დაწერა თამაზ ლომიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×