რეზონანსი
13.07.2019

 (რეზონანსი) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა.

როგორც დეკანოიძე განაცხადა, მასთან კითხვები ძირითადად იმასთან დაკავშირებით ჰქონდათ, თუ სად იმყოფებოდა აქციის დროს და მიმართა თუ არა მან მომიტინგეებს.

„კითხვები შეეხებოდა 20-21 ივნისის ღამეს. მოვუყევი ყველაფერი დილიდან გვიან ღამემდე, ვიდრე დავტოვე რუსთაველის ტერიტორია. რა ხდებოდა, სად იყავით, რა მოწოდებები გაიგეთო - ეს მოვუყევი თავიდან ბოლომდე. ჩემი პროტესტი ისევე, როგორც ძალიან ბევრი ადამიანის, რომელიც რუსთაველზე იდგა, გავრილოვის, ოკუპანტის პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით და პარლამენტის სპიკერის სავარძელში აღმოჩენასთან დაკავშირებით იყო.

ჩემი შინაგანი პროტესტი გავუზიარე ასევე მოსამართლეს, თუ რატომ აღმოვჩნდი ისევე, როგორც ბევრი ადამიანი, პარლამენტის ტერიტორიაზე, რას ვაპროტესტებდი, როგორი იყო თანმიმდევრობა. ეს იყო რეალურად მშვიდობიანი პროცესი, რომელსაც შემდეგ მოჰყვა ამ ადამიანების დარბევა და დასახიჩრება. აღვნიშნე ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში პოლიციის მხრიდან იყო ძალადობა და ახლო კონტაქტი ადამიანებთან. ერთი დეტალი მოვყევი, როგორ იყვნენ პარლამენტის აივანზე პოლიციელები, ასევე ანზორ ჩუბინიძე.

ჩემი მონათხრობი ემყარებოდა მხოლოდ სიმართლეს და იმ სიმართლეს, რაც მე და ძალიან ბევრმა ადამიანმა პარლამენტის წინ იხილა. ეს აღშფოთება და ეს პროტესტი გამოწვეული იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამით - ოკუპანტის საქართველოში შემოსვლით. ასევე კითხვები ეხებოდა ჩემს ადგილმდებარეობას, სად ვიყავი, მივამრთე თუ არა სიტყვით აქციას და ა.შ. დიახ, მე მივმართე სიტყვით აქციას, გამოვხატე პროტესტი, როგორც ძალიან ბევრმა ადამიანმა. ჩემი მდებარეობა იყო იქ, სადაც იდგნენ საქართველოს მოქალაქეები", - განაცხადა დეკანოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×