(რეზონანსი) პროტესტის ნიშნად ბათუმში საინიციატივო ჯგუფმა „ბათუმი თავისუფლებისთვის", ვაჟა-ფშაველას ბიუსტს თვალი აუხვიეს წითელი ლენტით.
საქმე ისაა, რომ დღეს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე თავისი გამოსვლა ვაჟა-ფშაველას წერილიდან „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმის" ციტატით დაიწყო.
ჯგუფმა თავის გვერდზე დონალდ ტუსკისადმი მიმართვის მოკლე ტექსტიც გამოაქვეყნა:
"ბატონო ტუსკი,
- საქართველოს მთავრობა არ ადგას ევროპულ გზას!
- ის სამ კვირაზე მეტია, უგუბელყოფს მოქალაქეთა სამართლიან მოთხოვნას შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაზე!
- ის ესვრის მშვიდობიან დემონსტრანტებს რეზინის ტყვიებს, ასახიჩრებს ახალგაზრდებს და სამუდამოდ ცვლის მათ ცხოვრებას!
- საქართველოს მთავრობას არაფერი აქვს საერთო ვაჟა-ფშაველასთან, შოთა რუსთაველთან, სხვა ქართველ, პოლონელ, ფრანგ, გერმანელ მწერლებთან, განმანათლებლებთან!
- საქართველოს მთავრობას არ ესმის საკუთარი მოქალაქეების!
გახარია უნდა გადადგეს!"
ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა" გაიხსნა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლის იუბილეს ეძღვნება.