
(რეზონანსი) საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.
„ეს ახალი არ არის. ადრეც ყოფილა ასეთი განცხადებები. ეს არის, რა თქმა უნდა, ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი. როდესაც ჩვენ ისტორიაზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ისტორია არც მე-18 საუკუნიდან იწყება და არც მე-19 საუკუნიდან. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში უამრავი ფაქტი არსებობს და არგუმენტირებულად, ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სწორედ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი და აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. თუკი ჩვენ გვინდა ისტორიულ ფაქტებში წიაღსვლა, ამაზე ისტორიკოსებმა იმსჯელონ. აქაც ვფიქრობ, ჩვენს სასარგებლოდ ძალიან ბევრი ფაქტია.
რაც შეეხება სახელმწიფოს, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ კონფლიქტის მოგვარებასთან მიმართებით გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება დეესკალაციისკენ, დეოკუპაციისკენ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ამის დასტური არის ის ქმედება, რაც აისახება იმავე ჟენევის ფორმატის ფარგლებში. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და ის არის მუდმივად იმის გაცხადება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და ეს ასე უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ყველა საერთაშორისო ნორმები და ის ვალდებულებები, რაც არის აღებული, შესრულებული უნდა იყოს, - განაცხადა ზალკალიანმა.
როგორც პუტინმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა, „პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია“.