(რეზონანსი) პუტინის განცხადება, სადაც ის სანქციების გაუქმებაზე ქართველი ხალხის პატივისცემის გამო საუბრობს, ერთგვარი პოლიტიკური მანევრია, რომლითაც მან ასეთ გამწვავებულ სიტუაციაში ქართული საზოგადოების გული მოიგო, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა, რითაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება შეაფასა.
„საჭირო იყო ეს პოლიტიკური მანევრი, რომ გაბრაზებულმა პუტინმა ბოლომდე არ გაწირა ქართველი ხალხი - დაახლოებით ასეთი გზავნილია", - განაცხადა არეშიძემ „ინტერპრესნიუსთან".
ექსპერტმა კომენტარი გააკეთა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესაძლო ესკალაციასთან დაკავშირებითაც.
„დღეს გეოპოლიტიკური კონტექსტი ისეთია, რომ ეჭვი მეპარება, დასავლეთის პარტნიორთან ურთიერთობის ესკალაცია ხელს აძლევდეს რუსეთს იმიტომ, რომ რუსეთი შორს იყურება. ამერიკისა და ირანის დაპირისპირება ჯერ არ არის იმ ფაზაში, რომ საჭირო გახდეს რუსეთის აგრესიული და აქტიური მოქმედებები. აქედან გამომდინარე, რუსეთი თავშეკავებას არჩევს, თან მათ იციან ვინ არის მათთვის შეურაცხმყოფელი განცხადებების ავტორი. მე არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთის მხრიდან რბილი პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირებული რჩევები მათ ოკეანის გაღმიდანაც მიეღოთ," - აღნიშნავს ექსპერტი მამუკა არეშიძე.