რეზონანსი
09.07.2019

  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა გორში 16 წლის გოგონა გადაარჩინეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გორში, მშვიდობის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ადგილზე მისვლისთანავე, ძლიერი კვამლის გამო, მეხანძრე-მაშველებს ფანჯრის გისოსების მოხსნა და სახლში ამ გზით შესვლა მოუწიათ. სახლში მეხანძრე-მაშველებს 16 წლის გოგონა დახვდათ, რომელიც შენობიდან უვნებლად გამოიყვანეს. ის ადგილზე შეამოწმა სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადამ და პროფილაქტიკის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ორი სახანძრო და ერთი სამაშველო ჯგუფი", - აცხადებენ უწყებაში.

უწყების ცნობით, ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×