რეზონანსი
09.07.2019

 "თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გურამ ფალავანდიშვილმა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს დალაპარაკებაზე „დროებით“ უარი უთხრა.

გურამ ფალავანდიშვილს, რომელიც პარლამენტთან იმყოფება, ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებმა, შოთა დიღმელაშვილმა და დავით გაბუნიამ დალაპარაკება სთხოვეს. როგორც დავით გაბუნიამ ფალავანდიშვილს აუხსნა, გარყვნილებას, რასაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ეწინააღმდეგებიან, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები არ ქადაგებენ, თუმცა აღნიშნულზე ფალავანდიშვილის პასუხი შემდეგი იყო: "ცოტა ხანი მშვიდად ვიყოთ, კაცურად რა". როგორც ფალავანდიშვილმა აღნიშნა, „მათთან დასალაპარაკებლად მერე მივა“.

„რამდენიმე წუთით გამოვედი და ახლა კორდონის შიგნით აღარ მიშვებენ. ველოდები პასუხს, რატომ არ მიშვებენ სამართალდამცავები პარლამენტის კიბეებთან, სადაც ჩვენი მხარდამჭერები იმყოფებიან“, - განაცხადა ფალავანდიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები და "თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ.

მთელი ღამის მანძილზე ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, მათთვის სამართალდამცველებს მიეცათ უფლება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაცვლების, სადაც მოშიმშილეები და აქციის ორგანიზატორების ნაწილი რჩებოდა. თუმცა მიუხედავად მოთხოვნისა, მათ ამის საშუალება მხოლოდ გამთენიისას, მას შემდეგ მიეცათ, რაც პოლიციამ ე.წ. ყვითელი ავტობუსებისგან გაკეთებული კორდონი გახსნა.

(აიპიენი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×