(რეზონანსი) ყველა პოლიტიკური ლიდერი ვერ აცნობიერებს, რომ ივანიშვილმა მოახერხა და ურთიერთობების ახალ ეპოქას იწყებს, - ამის შესახებ „ქართული დასის" ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.
„აქამდე „ქართული ოცნება" თვითიზოლაციაში იყო, ოპოზიციასთან არ ლაპარაკობდა და „ნაცმოძრაობასთან" პირისპირ ყოფნაში კომფორტულად გრძნობდა თავს. ზოგიერთ შემთხვევაში, გამოუცდელობის პრობლემაც ჰქონდა და მართალიც რომ იყო და ათით ნული რომ უნდა მოეგო, „ნაცმოძრაობასთან" დებატებში დისკუსიებსაც ხშირად აგებდა. როგორი მტყუანი და გამოუცდელიც არ უნდა იყო, დებატებს რომ დაამთავრებ, ყველაფერს წააგებ და „ნაცმოძრაობას" მერე ეტყვი, შენ 9 წელი ხალხს ხოცავდიო, ამით მთავრდება ყველაფერი. ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ" ეს კომფორტი შეიქმნა, მაგრამ ის არ გაითვალისწინა, რომ ამასობაში, ბამბუკს რომ წყალს უსხამ და სწრაფად იზრდება. აი, ასე ზრდიდა „ნაცმოძრაობის" რეიტინგს. როცა სხვა ოპონენტი, მესამე ფერი არ ჩანს და თეთრი-შავზე ნაწილდება, აქ ზიარი ჭურჭლის პრინციპი მუშაობს, რადგან შვიდი წლის განმავლობაში კარგი ხელისუფლებაც მოგწყინდება", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად".