რეზონანსი
06.07.2019

 (რეზონანსი) პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.

პარლამენტთან მიმდინარე აქციას „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მხარდამჭერები, ასევე „ევროპული საქართველოს" მხარდამჭერები შეუერთდნენ.

მათი ერთი ჯგუფი თავისუფლების მოედანზე იყო შეკრებილი, მეორე ჯგუფი კი პირველ სკოლასთან.

ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლები.

21:00 საათიდან აქციის მონაწილეები თავისუფლების მარშს მოაწყობენ. პროტესტის მონაწილეები მსვლელობას რუსთაველის გამზირიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ გამართავენ.

21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.

26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა.

20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.

20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×