(რეზონანსი) მეგობრები გიორგი გოგიჩაიშვილს „გოგიჩას" იხსენებენ და ამბობე, რომ მან საოცარი მეგობორობა იცოდა.
„გოგიჩას სანახავად ერთი კვირის წინ მე და მამა მივედით, მას მერე, რაც 27 ივნისს ჩემი ძმა - ალეკო იმავე დიაგნოზით მიწას მივაბარეთ. გოგიჩა საავადმყოფოში იწვა და სამძიმარზე ვერ მოვიდა. მართლა არ შეეძლო, სუსტად იყო. დაკრძალვის შემდეგ აუცილებლად უნდა მენახა. რომ დაგვინახა, გაუხარდა. ალეკო გავიხსენეთ, ბევრი ვისაუბრეთ, ვიხალისეთ კიდეც. არადა, წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე დღის წინ, როგორც გითხარით, ოჯახის წევრი, სისხლი და ხორცი დავასაფლავეთ. ვცდილობდით, არ დაგვემძიმებინა.
როდესაც ალეკო საავადმყოფოში მივიყვანეთ, გოგიჩაც იმ დროს შეიყვანეს იქ, მაგრამ მათი მდგომარების გამო ერთმანეთის ნახვა ვერ შეძლეს. თუმცა, მედპერსონალს ორივემ ერთმანეთთან თბილი მოკითხვა დააბარეს. არადა, ორივეს ცხოვრების ბოლო სამი კვირა ჰქონდა დარჩენილი. მათი ავადმყოფობის პერიოდში კიდევ ასეთი დამთხვევა მოხდა - ერთ-ერთ საავადმყოფოში, იმ პალატაში მოხვდა ალეკო, სადაც მანამდე გოგიჩა იწვა.
გოგიჩას დამშვიდობებისას ვუთხარი - შენთვის ერთი კარგი ამბავი მაქვს-მეთქი. გამომხედა და მითხრა - შვილს ელოდებითო? უსიტყვოდ ესმოდა ყველაფერი! მერე ნათიას, მეუღლეს გადაულაპარაკა - ხომ იცი, 6 თვეში ფეხზე უნდა ვიდგეო. ეს იყო მისი ბოლო ემოციური ფრაზა, რაც მე მისგან მოვისმინე", - ამბობს „AMBEBI.GE" - სთან შოუმენი ზაალ წულუკიძე.