
(რეზონანსი) ლევან ბერძენიშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აქციაზე მდგომ ახალგაზრდებს მიმართავს.
„ჩემო საყვარელო, ძვირფასო ახალგაზრდებო, მოგმართავთ მე, კაცი, რომელსაც თქვენ ძალიან უყვარხართ. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი დღეა, ერთი უპირველეს ყოვლისა, არის 9 აპრილი, როცა ეს ქვეყანა დაიბადა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, როცა ქვეყანამ მსოფლიო რუკაზე თავისი ფერი შეიძინა. ახლა არის მეორე უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში - 20 ივნისი, როცა გაირკვა რისთვის დაიბადა ეს ქვეყანა. ის დაიბადა იმისთვის, რომ მასში თქვენ, თავისუფალი ადამიანები ცხოვრობდნენ, რომელთაც უყვართ იგი, რომლებიც დაიცავენ მის ღირსებას.
ახლა თქვენი დროა, თქვენ ყოველდღე მოდიხართ აქ, როგორც სამსახურში, თქვენი ქვეყნის სამსახურში. თქვენ ხართ თავისუფალი თაობა, დაბადებული თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც ბოროტებას ეუბნება - არას, მონობას ეუბნება - არას. ეს არ არის ივანიშვილის ქვეყანა, ეს არ არის გახარიას ქვეყანა, ეს არც სამარცხვინო პარლამენტარებისა და უწიგნური მინისტრების ქვეყანაა. საქართველს არ ეკადრება ასეთი ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის ღირსების დასაცავად გამოსულ ახალგაზრდებს არბევს, ტყვიებს უშენს და თვალებს თხრის. ჩვენ არ ვაპატიებთ ხელისუფლებას ამ დანაშაულს და სანამ სული გვიდგას, ჩვენ არ დავნებდებით, თქვენ არ დანებდებით და ბოროტებას ერთად ვეტყვით - „წადი, წადი, წადი“ - აცხადებს მიმართვაში ლევან ბერძენიშვილი.