მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილს, მეგობრებისთვის უბრალოდ გოგიჩას, ახობლები ეთხოვებიან.
ზაალ წულუკიძე, შოუმენი: "გოგიჩას სანახავად ერთი კვირის წინ მე და მამა მივედით, მას მერე, რაც 27 ივნისს ჩემი ძმა – ალეკო იმავე დიაგნოზით მიწას მივაბარეთ. გოგიჩა საავადმყოფოში იწვა და სამძიმარზე ვერ მოვიდა. რომ დაგვინახა, გაუხარდა… ალეკო გავიხსენეთ, ბევრი ვისაუბრეთ, ვიხალისეთ კიდეც. არადა, წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე დღის წინ, როგორც გითხარით, ოჯახის წევრი, სისხლი და ხორცი დავასაფლავეთ. ვცდილობდით, არ დაგვემძიმებინა…
როდესაც ალეკო საავადმყოფოში მივიყვანეთ, გოგიჩაც იმ დროს შეიყვანეს იქ, მაგრამ მათი მდგომარეობის გამო ერთმანეთის ნახვა ვერ შეძლეს. თუმცა მედპერსონალს ორივემ ერთმანეთთან თბილი მოკითხვა დააბარეს. არადა ორივეს ცხოვრების ბოლო სამი კვირა ჰქონდა დარჩენილი… მათი ავადმყოფობის პერიოდში კიდევ ასეთი დამთხვევა მოხდა – ერთ-ერთ საავადმყოფოში, იმ პალატაში მოხვდა ალეკო, სადაც მანამდე გოგიჩა იწვა".
თამარ სხვიტარიძე, „ბასტი ბუბუს“ დამფუძნებელი და პროდიუსერი: "გული მწყდება, რომ მეტის გაკეთების საშუალება არ მიეცა… უდიდესი შესაძლებლობების ადამიანი იყო და სათანადოდ არ იყო რეალიზებული.
დაავადებასთან მხნე იყო. ყველაფერს იუმორით უყურებდა. ყოველი გადასხმის შემდეგ ანეკდოტებს მწერდა. მეც ასევე ვპასუხობდი. ვუგეგმავდი, რა უნდა გაეკეთებინა, სამსახურში რომ გამოვიდოდა. როგორც ვიცი, ოჯახის წევრებსაც არ ესაუბრებოდა პესიმისტურად, აქეთ ამშვიდებდა ყველას. მეუღლე ბოლომდე გმირულად ედგა გვერდით, ასევე შვილებიც. იდეალური დედ-მამა ჰყავს და ამ ტკივილისთვის ისინიც ძალიან მეცოდებიან…
დევი დევიძე, იუმორისტი, სტუდენტობის მეგობარი: "ხალხი გოგიჩას ტელევიზიით იცნობდა და მის დადებით მხარეებს მხოლოდ იქ ხედავდა. ცხოვრებაშიც უკეთილშობილესი, თბილი პიროვნება იყო, საოცარი მეგობრობა იცოდა.ორივეს 28 აპრილს გვაქვს დაბადების დღე და არ არსებობდა, პირველს არ მოელოცა! სულ ყოველთვის, რომ დარეკავდა, ასე მომმართავდა – გილოცავ ჩვენს დაბადების დღეს!
ცოტა ხნის წინ მეგობრის მამა გარდაიცვალა, რაიონში მივდიოდით, გოგიჩაც მოვიდა, უნდა წამოსულიყო, მაგრამ მერე ვეღარ შეძლო. ვიცი, რაც მჭირს, ბევრი მიმალავს, არ ვიცი, რა და როგორ იქნება, მაგრამ ასე მგონია, რომ ვიქნებიო. კი, ყოველთვის იქნება!"
ამბები.ჯი