ღვინის მწარმოებელი კომპანია „თბილღვინოს" დირექტორის ზურაბ მარგველაშვილის განცხადებით, „როსპოტრებნადზორმა" გაამკაცრა და დაუმატა სპეციალური ანალიზების სიას მთელი რიგი პარამეტრები და ამ მიზეზით ძალიან დიდი რაოდენობის მაღალი ხარისხის ღვინო არის შეჩერებული და არ არის განბაჟებული რუსეთში. ამის შესახებ მან გადაცემა "ანალიტიკაში" სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენ შემთხვევაში პროდუქციის ერთი გადატვირთვა არის შეჩერებული, რომელსაც წლების გამავლობაში პრობლემა არ ჰქონდა. ამასთან, ეს არის ის პროდუქცია რომელსაც ჩვენ მსოფლიოს 30 ქვეყანაში ვყიდით და ბევრად უფრო მკაცრ და მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს" - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე განმარტებით, პრობლემა არა მხოლოდ „თბილღვინოს", არამედ სხვა ქართულ კომპანიებსაც შეექმნათ.
„არა მარტო „თბილღვინოს" შემთხვევაში, არამედ კოლეგებთან ურთიერთობისას ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, რადგან პირველად წავაწყდით, რომ რუსეთის საბაჟოზე ჩვენი ღვინო შეფერხებულია და პარტნიორებთან ერთად ველოდებით მოვლენების განვითარებას. რისი უფლება გვექნება - ეს გარკვევას საჭიროებს და მკაფიოობა არ გვაქვს" - განაცხადა მარგველაშვილმა.