(რეზონანსი) ჩემი გადადგომა არც ერთ კონკრეტულ მოვლენა არ უკავშირდება - აცხადებს კულტურის მინისტრის, ყოფილი მოადგილე მიხეილ გიორგაძე. გიორგაძის თქმით მან სოციალური ქსელით ნათლად ჩამოაყალიბა თანამდებობის დატოვების მიზეზი.
„დარწმუნებული ვარ, დროში დამთხვევებთან გარკვეული სპეკულაცია მოხდება ამა თუ იმ თემით მოხდება. სრული პასუხისმგებლობით მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბოლო პერიოდში ეს არც ერთ კონკრეტულ მოვლენას არ უკავშირდება. არც არავის დასასჯელად, არც არაფრის დასახურად ან შესაზღუდად, ეს არ მომხდარა. მგონია, რომ კონკრეტული ადამიანებისგან შეიძლება საჯარო როგორც ბრალდებების, ისე საჯარო ბოდიშის მოლოდინი მქონდეს.
ამასთან, ჟურნალისტებმა მიხეილ გიორგაძეს საყდრისის საკითხზეც ჰკითხეს, როგორც მინისტრის ყოფილმა მოადგილემ აღნიშნა, სამეცნიერო დაპირისპირების მიუხედავად, რეგიონში სოციალური ფონის გათვალისწინებით და ობიექტი გარემოებების მიხედვით, იმ დროს ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო.
„შესაძლოა, იდეალური და ყველა მხარისთვის მისაღები ეს გადაწყვეტილება არ ყოფილიყო, მაგრამ ის, რომ იმ დროს, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, იყო ერთმნიშვნელოვნად სამართლიანი და ოპტიმალური, ეს ერთმნიშვნელოვანი იყო და დღესაც ასე ვფიქრობ", - განაცხადა გიორგაძემ.
მიხეილ გიორგაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა დღეს დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში", საკუთარ გვერდზე დაწერა, სადაც ასევე აღნიშნავს, რომ კერძო სექტორში ბრუნდება.