რეზონანსი
05.07.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავა, 1 პირს კი ბრალი ციხეში წარუდგინა , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

დაკავების ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კერძოდ, ბათუმში, მესტიაში, მარნეულში, დმანისში, რუსთავსა და თბილისში. ერთ-ერთი ბრალდებული დაკავებულია წითელ ხიდზე, მაშინ როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

დაკავებულები არიან: 1992 წელს დაბადებული ჯ.შ., 1996 წელს დაბადებული თ.მ., 1973 წელს დაბადებული რ.კ. (მეტსახელად „ლამბო"), 1974 წელს დაბადებული ა.ა. ( მეტსახელად „ოსკარი", იგივე „ალესკერი"), 1980 წელს დაბადებული ა.ვ. (მეტსახელად „ხომეინი"), 1980 წელს დაბადებული დ.ბ. (მეტსახელად „გოჭი"), 1985 წელს დაბადებული რ.ჯ. (მეტსახელად „ჯოლო"), 1985 წელს დაბადებული რ.კ. (მეტსახელად „ბაჩო"), 1981 წელს დაბადებული თ.ქ. (მეტსახელად „წიე") და 1988 წელს დაბადებული ი.გ. (მეტსახელად „ყურშა"). სამართალდამცველებმა 1986 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს (მეტსახელად „ლერის") ანალოგიური დანაშაულისთვის ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წაუყენეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში, ასევე, თავიანთი ქმედებებით ავრცელებდნენ ქურდული სამყაროს სპეციალურ წესებს, როგორიცაა სარგებლისა და უპირატესობის მიღება, ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვება-მინიჭება და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განხილვა-გადაწყვეტა.

აღნიშნულ პირთა მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×