საქართველოში გასულ/შემოსულ საერთაშორისო ვიზიტორებს ბრენდირებულ სასაჩუქრე ღვინოს გადასცემენ.
„ადმინისტრაციის ამ ტიპის აქტივობა ხელს შეუწყობს ღვინისა და სტუმართმოყვარეობისკულტურის ცნობადობის გაზრდას. კამპანიის ფარგლებში ქვეყანა გამოხატავს კეთილგანწყობას საერთაშორისო ვიზიტორების მიმართ, რაც დადებითად აისახება მათ სურვილზე - კვლავ იმოგზაურონ საქართველოში და ქვეყნიდან წაღებული დადებითი ემოცია გაუზიარონ პოტენციურ მოგზაურებს.
შემსყიდველი ორგანიზაციისვე განმარტებით, ღონისძიების შეზღუდულ ვადებში ჩატარება გამოიწვია ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ, რომელიც წინასწარ ვერ იქნებოდა განსაზღვრული. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აღნიშნული პროექტის განხორციელება ჯერ კიდევ მაისში გადაწყვიტა. კერძო სექტორის ჩართულობის მიზნით გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა, რომელიც დასრულდა უარყოფითი შედეგით, რის შემდეგაც ადმინისტრაციამ ბრენდირებული სასაჩუქრე ღვინის შესყიდვის მიზნით გამოაცხადა ტენდერი, რომელიც ჯერ არ არის დასრულებული.
კამპანიის ოპერატიულად ჩატარების მიზნიდან გამომდინარე, დარჩენილი ვადა არ არის საკმარისი სატენდერო პროცედურების მეშვეობით შესყიდვის განსახორციელებლად. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია შემჭიდროვებულ ვადებში რეაგირება. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული ღონისძიების დაწყება დაუყოვნებლივ, რათა მოხდეს საქართველოს, როგორც უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ქვეყნის პოზიციონირება,"- აღნიშნულია ადმინისტრაციის განაცხადში.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა უკვე მიიღო. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 922 500 ლარს შეადგენს.
წყარო:პრაიმტაიმი