(რეზონანსი) ხელისუფლება დაჰყვა რუსეთის ნებას და თუ თავდაპირველად 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ორგანიზებულ არეულობად აფასებდა, დღეს იმეორებს რუსეთის ხელისუფლების შეფასებას, რომ საქართველოში მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.
გოცირიძე თანაგუნდელებთან ერთად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხდება. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" დიპლომატიურ კორპუსს საკუთარ ხედვას და დასკვნებს წარუდგენს 20 ივნისის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე.
„ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს ვხვდებით იმისთვის, რათა მათ გადასცენ საკუთარ მთავრობებს, რომ საქართველოში მიდის რეპრესიები, რომ დაიწყო პოლიტიკური დევნა, მრავალი ადამიანია უსამართლოდ დაპატიმრებული, იმუნტეტი მოეხსნა ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას. გარდა ამისა, ხელისუფლება დაჰყვა რუსეთის ნებას და თუ თავდაპირველად შექმნილ მოვლენებს ორგანიზებულ არეულობად აფასებდა, დღეს იმეორებს რუსეთის ხელისუფლების შეფასებას, რომ საქართველოში მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება. ხელისუფლება ქმნის კრიზისს, ვერ აფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ამიტომ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ გავლენა მოახდინონ ხელისუფლებაზე, ვინაიდან მათი ყოველი მსგავსი ნაბიჯი იწვევს კრიზისის გამწვავებას",- განაცხადა გოცირიძემ.