რეზონანსი
05.07.2019

 (რეზონანსი) ლაშა დეისაძე-შარვაშიძე სოციალურ ქსელში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატეს უკანასკნელ ფოტოებს ავრცელებს და მის შესახებ ემოციურ პოსტს წერს.

„2019 წლის 5 ივნისი, თბილისი, კლინიკა „დიღომი ჰოსპიტალი", ეს ფოტოები უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე, თავისივე კატეგორიული გადაწყვეტილების თანახმად, თბილისიდან რეანომობილით გადმოიყვანეს ქუთაისში სწორედ, ამ დროს გვითხრა: „ანდერძს გიბარებთ, ბაგრატის ტაძარში დამკრძალეთ!"

ბოლო ხანებში, ფოტოების გადაღება, ცოტა არ იყოს, არ მოსწონდა, მაგრამ რატომღაც, ამ დროს თქვა, გადაიღეთ ფოტოებიო და ყველა ვუღებდით. გრძნობდა, რომ გადიოდა ამქვეყნიდან და ალბათ, სურდა, დაგვრჩენოდა მისი ფოტოები.

წინა დღით, 4 ივნისს, ერთ-ერთმა ცენტრალურმა გაზეთმა ცილისმწამებლური მასალა გამოაქვეყნა მასზე და ამიტომ, მაშინვე მინდოდა ამ ფოტოების ატვირთვა იმ გაზეთის რედაქციის სამხილებლად და სამარცხვინოდ, მაგრამ მაინც თავი შევიკავე... მეუფე ისე წავიდა ამქვეყნიდან, რასაკვირველია, არ გაუგია მის წინააღმდეგ დაწერილი უკანასკნელი პასკვილის შესახებ.

საოცარი იყო, რომ ამ დღეს, იგი ფაქტობრივად გამოგვემშვიდობა და ჩემი დაკვირვებით, ქუთაისში წამოვიდა იმისთვის, რომ არ სურდა თბილისში მომხდარიყო მისი სულისა და სხეულის გაყრა, არამედ სურდა, რომ ამქვეყნიური სიცოცხლე დაესრულებინა ქუთაისში, სადაც უწყვეტად და უცვლელად იმღვდელმთავრა თითქმის 36 წელი. ასეც მოხდა... იგი თავისი საყვარელი ქუთაისიდან შეუერთდა ზეციურ სასუფეველს, 20 ივნისის დილის 4 საათზე", - წერს ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.

მეუფე კალისტრატე 80 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად, 20 ივნისს გარდაიცვალა. მისი ანდერძი აღსრულდა. ის ბაგრატის ტაძარში დაკრძალეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×