(რეზონანსი) გიორგი გოგიჩაიშვილის ბოლო გადაცემა იყო „ყოჩაღების ქუჩაზე", რომელიც „პირველ არხზე" დაახლოებით წელიწადნახევრის მანძილზე გადიოდა. რეიტინგული საბავშვო გადაცემა 2015 წლის 19 ნოემბერს მოულოდნელად დახურეს, წამყვანი კი „პირველი არხიდან" ყოველგვარი ახსნა-განმატების გარეშე გაათავისუფლეს. მაშინ „გოგიჩამ" ეს ფაქტი ძალიან განიცადა, ბევრი ინერვიულა. ინფორმაციას „პრაიმტაიმი" ავრცელებს.
ამ თემაზე მსახიობი და ტელეწამყვანი ვახო კანდელაკი „ფეისბუქზე" წერს.
ვახო კანდელაკი: - ბოლოს „გოგიჩა" „პირველი არხის" ეზოში ვნახე. ძალიან გაბრაზებული, უფრო სწორედ ნაწყენი იყო!!
- ბიჭო გადაცემა დამიხურეს ისე, რომ ეს ყველაფერი ჩაწერაზე გავიგეო.
- გოგიჩ, მეც იგივე სიტუაციაში ვარ, ეხლა გავიგეთქო.
თავში გამიელვა აზრმა და ეგრევე გავუზიარე - მოდი ვუჩივლოთ მაგ არაკაცებსთქო,
- მოდიო!!! მაგას არ შევარჩენო.
ორი საათის მერე დამირეკა და მეუბნება: - ვახსტანგი (ასე მეძახდა გოგიჩა), ბიჭო, რაღაც მაგრად მერიდება სასამართლიში გასაჩივრება, რას იტყვის ხალხიო!!!
ახლა ხალხი გამოჭენდება, ჩემო ძმობილო, ამ სივცეში და დაიწყებს მიწერ-მოწერას, თუ რა მაგარი ადამიანი იყავი და რა ნიჭიერი!!! ისინიც დაწერენ უეჭველი თავი რომ გაიმართლონ, შენ რომ გული გატკინეს. ჩემო უფროსო და უკეთილესო, მეგობარო, შევხვდებით ერთმანეთს და მერე გავარკვიოთ ყველაფერი. მიყვარხარ და მომენატრები!!!"
მსახიობი თამარ მაყაშვილი „გოგიჩას" ბავშვობის მეგობარი იყო. მას ძალიან უჭირს მეგობარზე წარსულში საუბარი.
თამარ მაყაშვილი: - ჩვენ სამი წლიდან ერთად მოვდივართ, ბაღიდან და სკოლიდან. რა უნდა გითხრათ, საყვარელო... სიტყვები არ მყოფნის. ტკივილის მეტს ვერაფერს ვგრძნობ ახლა. დასანანია „გოგიჩასნაირი" (და არა მხოლოდ) ადამიანები რომ მიდიან. მთელი ჩემი ბავშვობა, ახალგაზრდობა და ცხოვრება წავიდა... შარშან ეთერში ვისხედით და იმის ნაცვლად, რომ რამეზე გველაპარაკა, ვიცინოდით. ძველ ამბებს ვიხსენებდით. ტიპი მომართული იყო, რომ ყველასთვის სიამოვნება მიენიჭებინა. ავადმყოფობას არ შეუცვლია, ბოლომდე ინარჩუნებდა თავის შეუდარებელ ხასიათს. იქით ამშვიდებდა ყველას. ძალიან დასანანია, რომ ამ სენს ახალგაზრდები მიჰყავს...
გოჩა თანდარაშვილი: - ყველაზე ტკბილი და საყვარელი ადამიანი იყო. ჩვენ ვმეგობრობდით. 16 წლის წინ ამერიკაში, თსუ-ს გუნდი მანსანკანის კონცერტებზე გამოდიოდა, გოგიჩაც ჩვენთან ერთად იყო. იქ დავახლოვდით. ბოლოს ახალ წელს ვნახე, რესპუბლიკის მოედანზე, ჩემი შვილი „ბასტი ბუბუს" კონცერტზე გამოდიოდა. იღლებოდა, უჭირდა, ენერგია არ ჰქონდა უკვე, მაგრამ სულ ბავშვებში ტრიალებდა. მე მსგავსი ადამიანი არ მინახავს. უბოროტო ადამიანს რომ ამბობენ, ეგეთი იყო „გოგიჩა." ცხოვრებაში მისი მსგავსი არავინ მინახავს. მართლა არ არსებობდნენ მისნაირი ადამიანები. ყველაზე ტკბილი, კეთილი და საყვარელი ადამიანი იყო.
მაკა შალიკაშვილი: - უკეთილესი, უსაყვარლესი ბიჭი იყო... ხშირად იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მთელი ცხოვრება ბავშვებთან გაატარა. თუ დადებითი და ძალიან სუფთა ადამიანი არ ხარ, ბავშვებთან მუშაობას ვერ შეძლებ. ხაზს ვუსვამ მის ურთიერთობას პატარებთან... ყველანაირად დადებითად ვახასიათებ. უზომოდ მეწყინა. მთელი გულით ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და ტელევიზიას, ბავშვებს... ყველაზე ძალიან უყვარდა მუშაობა.
ნიკა ქავთარაძე: - პირველად რომ ვნახე სცენაზე, ისეთი არტისტული, სიმპათიური და ეფექტური იყო, რომ ოცნება დავიწყე - გამეცნო. ძალიან მაგარი ბიჭი იყო და იქნება სულ. ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ ამ ქვეყანაში - უამრავი თაობა გაიზარდა, რომლისთვისაც ის იყო ყველაზე ახლო მეგობარი.
ნატო სულხანიშვილი: - რა გითხრათ... არაჩვეულებრივი, კეთილშობილი, თბილი, კაცთმოყვარე ადამიანი იყო. კარგი მეგობარი, რომელიც სულ, ყველა სიტუაციაში მზად იყო დაგხმარებოდა. ბოლოს „ელისის ზღაპარი" ერთად მიგვყავდა. მერეც შევხვდით, ვილაპარაკეთ. ბოლოს სატელეფონოდ ვურთიერთობდით. არ უნდოდა ადამიანის შეწუხება... რომ ინატრებ, ნეტა ასეთი მეგობარი მყავდესო, ასეთი იყო „გოგიჩა".