(რეზონანსი) თბილისის მერის მტკიცებით, თუ 20-21 ივნისის მოვლენებში მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხს გამოძიება გამოკვეთს, მათ თანამდებობიდან გაათავისუფლებენ და "სკამებს არავინ გამოეკიდება".
"ყველა, ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი კონკრეტულ გადაცდომებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ვიხილეთ და ძალის გადამეტების თვალსაზრისით იყო ცალკეული ეპიზოდები, აუცილებლად ყველამ უნდა აგოს პასუხი",- განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე: როგორ აფასებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებას, რომ სპეცრაზმელები თვითნებურად მოქმედებდნენ და სჯერა თუ არა კახა კალაძეს, რომ თვითნებურად გამოიყენეს იარაღი სპეცრაზმელებმა? დედაქალაქის მერმა კითხვითვე უპასუხა:
„თქვენ გჯერათ, რომ გიორგი გახარია ეუბნებოდა თვალებში და თავში ესროლათ? როგორ შევაფასოთ, რა დავარქვათ იმას, რომ 2-3 საათის განმავლობაში სცემდნენ პოლიციელებს? მითხარით, რა დავარქვათ ამას?! ყველაფერი თანმიმდევრულად ხდებოდა. იყო მშვიდობიანი აქცია, პოლიცია იდგა, ერთი ნაბიჯი არ გადმოუდგამთ წინ და მაინც ხდებოდა მათი ცემა. რა დავარქვათ ამას? ის ცალკეული შემთხვევები, რაც ვნახეთ, არის უმძიმესი და ამას გამართლება არ აქვს, რასაც გამოძიება დაადგენს.
გამოძიება დაადგენს რეალურად რა მოხდა. კანონზე მაღლა არ დგას არავინ, ყველას მოეკითხება, ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. არ უნდა მოვერიდოთ ამას. ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, უნდა აგოს პასუხი",- განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ პროკურატურამ მყისიერად დაიწყო გამოძიება და 10 პირია გამოკვეთილი.