(რეზონანსი) დღეს, 4 ივლისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ.
“ხუთშაბათს, 4 ივლისს – მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ!
❗ დიდი ხანია, ქართული ხელისუფლება შემჩნეულია ჩვენს ქვეყანაში რუსული გავლენების პირდაპირ თუ ირიბ მხარდაჭერაში. 20 ივნისს კი მან ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და ისედაც პრორუსული ასამბლეის ფარგლებში, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, უმაღლესი თანამდებობის პირის ადგილას, საქართველოს დაუფარავი მტერი – სერგეი გავრილოვი ვიხილეთ.
❗ რუსი დეპუტატის პარლამენტში სტუმრობის გამო დაწყებული პროტესტის დამრბევი შინაგან საქმეთა მინისტრი კვლავ ინარჩუნებს პოსტს.
❗ “გავრილოვის ღამეს” ჰყავს დაზარალებული, დასახიჩრებული და დამცირებული მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომელთა ნაწილსაც სახლამდე სდიეს, დამიზნებით ესროლეს, სკვერებში ჩაუსაფრდნენ, ავტოფარეხის სახურავიდან გადმოაგდეს, თვალები დასთხარეს.
❗ უკვე 2 კვირაა, ვიკრიბებით პარლამენტთან და ვითხოვთ შს მინისტრის გადაყენებას, 4 ივლისს კი, პროტესტის მე-15 დღეს, ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან მუსიკოსები!
19:00 საათზე, პარლამენტთან, მოდი ქვეყნის სამსახურში, არა ძალადობას, არა რუსულ ოკუპაციას!”, – ნათქვამია განცხადებაში.