რეზონანსი
02.07.2019

 (რეზონანსი) სააპელაციო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება რომ გაეუქმებინა და მელია პატიმრობაში აეყვანა, ეს ქუჩაში მიმდინარე საპროტესტო აქციას ახალ ენერგიას შესძენდა, თავად მელიას კი პოლიტიკურ კაპიტალს მოუხვეჭდა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით.

პოლიტოლოგის შეფასებით, შეცდომა, რომელიც თავის დროზე პარლამენტმა დაუშვა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებით, სასამართლოს პირველმა ინსტანციამ გამოასწორა, იგივე შეცდომა კი სააპელაციომ აღარ გაიმეორა.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების აკრძალვის შესახებ, ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, შესაძლოა, მელიამ უფრო აგრესიული განცხადებებიც აკეთოს, თუმცა ხელისუფლება ამაზე თვალს დახუჭავს.

„ახლა მელიამ რაც არ უნდა გააკეთოს, მას პატიმრობაში აღარ აიყვანენ. ძალიან აშკარად და ღიად უნდა ჩაიდინოს მან რაღაც დანაშაული, რომელიც განსჯასაც არ ექვემდებარება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დააპატიმრონ მელია. კი არის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომ მან არ უნდა გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები, მაგრამ თუ ამას არავინ მიაქცევს ყურადღებას, მხოლოდ განჩინებაში დაწერილად დარჩება. ასე რომ, მელია თავისუფალია ახლა, ის შეიძლება უფრო აგრესიულიც გახდეს თავის განცხადებებში, მაგრამ ხელისუფლება ამაზე თვალს დახუჭავს," - განაცხადა ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან".

„ ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას საქმეზე დაცვის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მელიასთვის გირაოს შეფარდების შესახებ უცვლელი დარჩა. ამასთან, მან პროკურატურას ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაავალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×