(რეზონანსი) პარლამენტის წინ მოშიმშილე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიგა ლემონჯავა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამის შესახებ აქციზე შეკრებილებს ღონისძიების სპიკერმა შოთა დიღმელაშვილმა ამცნო. როგორც მისი სიტყვებიდან ირკვევა, აქვიის მონაწილე უკვე 8 დღეა შიმშილობს და მას სისხლში შაქრის დონე აქვს დაბალი. მასთან ერთად შიმშილობს იურისტი ბექა ბასილაიაც.
პროტესტიდან მეთორმეტე დღეს აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე ისევ შეკრიბნენ. მოთხოვნა უცვლელია, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი.
ღონისძიების სპიკერმა შოთა დიღმელაშვილმე შეკრებილებს მიმართა და აღნიშნა, რომ „ტოქსიკური მინისტრი", რომელსაც პრემიერად ამზადებდნენ, თანამდებობაზე ვეღარ უნდა დარჩეს.
პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა პროპორციული არჩევნებისა და აქციის დაშლისას დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ დაკმაყოფილებულია.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
ამას კი წინ უძღოდა პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებისადმი რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრის სერგეი გავრილოვის მიმართვა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მოჰყვა.