რეზონანსი
01.07.2019

 (რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებული წევრის, ნიკა მელიასსაქმეზე დაცვის და ბრალდების მხარის საპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2 ივლისს დაინიშნა. სასამართლო პროცესი 10:30 საათზე დაიწყება.

ნიკა მელიასთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული დამატებითი შეზღუდვები გაასაჩივრა მისმა ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა.

სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალდებამაც. როგორც კონდახიშვილი აცხადებს ის, რაც მელიასთვის დამატებით შეზღუდვებთან დაკავშირებით მოსამართლის განჩინებაში წერია, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან, რაც პარლამენტის წევრის შეუფერხებელ საქმიანობას გულისხმობს.

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას დამატებითი შეზღუდვებიც დაუწესდა.

კერძოდ კი, ნიკა მელია საცხოვრებელ ადგილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. მას ასევე აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.

მას ასევე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოებისათვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×