რეზონანსი
01.07.2019

 (რეზონანსი) 7 ივლისს, ბათუმში, ზღვისპირა კლუბ UP2U ქეთა თოფურიასა და ჯგუფ A-Studio-ს კონცერტი იყო ჩანიშნული. თუმცა, შესაძლოა კონცერტი საერთოდ გაუქმდეს, ან ჩატარების თარიღი შეიცვალოს.

კლუბის მფლობელი ირაკლი ფირანიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული კონცერტი გაუქმდეს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი, კლუბის მფლობელები ორ დღეში მიიღებენ.

„კლუბის ფეისბუქ გვერდზეც გავავრცლებთ ინფორმაციას, დღეს გაუქმებული ნამდვილად არ არის. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ გავაუქმოთ. დღეს ან ხვალ გადაწყდება გადაიდება თუ გაუქმდება. ძალიან ბევრი ბილეთია გაყიდული, დიდი მოთხოვნა იყო", - ამბობს კლუბის მფლობელი „აჭარის მაუწყებლობასთან".

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერდნენ, რომ ბათუმში ქეთა თოფურიას და A-Studio-ს კონცერტი არ უნდა ჩატარდეს.

A-Studio ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ კონცერტებზე ხშირად გამოდის. ჯგუფის სოლისტი 10 წელზე მეტია, ქართველი მომღერალი ქეთა თოფურიაა. ის 2018 წელს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს პუტინის მხარდამჭერ კლიპშიც მონაწილეობდა.

კლუბის მფლობელი ამბობს, რომ მათთან მუქარის წერილები არ მისულა, თუმცა ზოგადად საზოგადოებაში არსებული უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ ინფორმაცია აქვთ.

„ჯგუფები წერდნენ სოციალურ ქსელში არ ჩავატაროთ ეს კონცერტიო, პირადად ჩვენ არავინ დაგვმუქრებია. კულტურა და პოლიტიკა გამიჯნული არ არის, რაც ძალიან სამწუხაროა" - უთხრა მაუწყებელს ირაკლი ფირანიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×