(რეზონანსი) მომღერალ ნინო ქათამაძის გარშემო აჟიოტაჟი ისევ გრძელდება. ვებ გვერდზე - redkassa.ru იყიდება მისი კონცერტის ბილეთები, რომელიც 2020 წლის 27 მარტს არის დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაცია www.msmgroup.ru- ზე გამოქვეყნდა, რომელიც ამ კონცერტის ოგანიზატორია. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კონცერტი მოსკოვში, Vegas City Hall-ში გაიმართება.
მომღერალმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის რუსეთში კონცერტს აღარასოდეს ჩაატარებს. მომღერალი კითხვაზე - 2020 წლის 27 მარტს ატარებს თუ არა კონცერტს მოსკოვში, „პრაიმტაიმმს" პასუხობს:
ნინო ქათამაძე: - ვაუქმებ. ჩემი ერთგული მსმენელის განაწყენების არანაირი სურვილი არ მაქვს. Msmgroup.ru ჩემი პარტნიორია, რომელთანაც ხელშეკრულება მარტში დავდე. ეს ჯგუფი როგორც უკრაინაში, ისევე რუსეთში აკეთებდა ჩემს კონცერტს. თუ მათ გვერდზე ჩემი კონცერტის რეკლამა ისევ მიდის, აუცილებლად შევატყობინებთ, რომ რუსეთში კონცერტს აღარ ვატარებ.