(რეზონანსი) პუტინის ჯინაზე, ჩამოდით საქართველოში, - ამ სათაურით სტატიას „სიენენი" აქვყენებს. საავტორო სვეტში უილ კეთკარტი მოუწოდებს მოგზაურებს, აუცილებლად ეწვიონ საქართველოს.
„ძვირფასო მოგზაურებო, ღვინის დამფასებლებო, ზღვის სანაპიროზე დასვენების მოყვარულებო, რომანტიკოსებო და ისტორიკოსები - მოგმართავთ ყველას, ვინც თავგადასავლებს ეძებს და უბრალოდ სურს, პუტინს ავნოს, საქართველოს თქვენი დახმარება სჭირდება. თუ ოდესმე გიფიქრიათ შავი ზღვის პირას, თურქეთსა და რუსეთს შორის მდებარე ამ პატარა ქვეყნის მონახულება, მაშინ ახლა საუკეთესო დროა. მივმართავ მათ, ვინც უკვე იმოგზაურა საქართველოში, დროა დაბრუნდეთ", - წერს ჟურნალისტი.
მისივე თქმით, საქართველოში უკვე ერთ კვირაზე მეტია, არ წყდება საპროტესტო აქციები, რომელიც ქვეყენაში რუსი პოლიტიკოსის ვიზიტს მოჰყვა. „თუმცა ეს აქციები რუსი ხალხის წინააღმდეგ არ არის მიმართული", - წერს უილ კეთკარტი.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, პუტინმა რუსეთიდან საქართველოში ფრენების შეჩერების განკარგულება გასცა. „რუსეთის დუმის თავმჯდომარემ ქართველებისთვის ვიზების გაუქმების შესახებ ისაუბრა, ხოლო „როსპოტრებნადზორმა" ქართული ღვინის იმპორტის შეჩერება არ გამორიცხა", - ნათქვამია სტატიაში.
უილ კეთკარტის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ამას იმის გამო აკეთებს, რომ არ სურს ანალოგიური პროტესტი რუსეთშიც დაიწყოს. „პუტინს სურს, დაამახინჯოს რეალობა, რათა დაარწმუნოს რუსები, რომ დემონსტრაციები რუსოფობიულ ხასიათს ატარებს", - ნათქვამია სტატიაში.
ავტორი აღნიშნავს, რომ ქართველ ხალხს სერიოზული უთანხმოება აქვს კრემლთან, თუმცა ეს არ ეხება რუს ხალხს. „რუსებს საქართველოში მიესალმებიან, ისე, როგორც ყოველთვის, თუმცა არა რუსულ ტანკებს და სამხედროებს", - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს დახმარების ხელი უკვე გაუწოდა არაერთი დასავლური სახელმწიფოს საელჩომ, მათ შორის აშშ-ის დიპლომატიურმა მისიამ, რომელიც სოციალური მედიით მოუწოდებს ყველას, პუტინის აკრძალვის მიუხედავად ეწვიონ საქართველოს.