რეზონანსი
30.06.2019

 რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ავტობანის ერთ-ერთი მონაკვეთი, რომელსაც ფონიჭალაში, მდინარე მტკვრის გასწვრივ უნდა გაევლო, აღარ აშენდება.

როგორც "ინფო რუსთავს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, სამშენებლო სამუშაოები, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე თვეა შეჩერებულია, არ განახლდება. სამინისტროს ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალი აღარ გაივლის.

ფონიჭალაში, გზის პირას არსებული კორპუსების მაცხოვრებლები ავტობანის მშენებლობას აპროტესტებდნენ. როგორც ისინი აცხადებდნენ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალი საფრთხეს შეუქმნიდა მათ ისედაც ავარიულ მდგომარეობაში მყოფ სახლებს.

როგორც "ინფო რუსთავს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, ფონიჭალაში გზის პირას არსებული კორპუსების მაცხოვრებლები, სამშენებლო სამუშაოების სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით, დიდი ოდენობის თანხას ითხოვდნენ, კერძოდ 1 კვ.მ-ზე 1000 დოლარს, რაც სამინისტროს განცხადებით, არაგონივრული თანხაა და მისი გადახდა შეუძლებელია.

მხარეები შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ, სწორედ ამიტომ საინფორმაციო სააგენტოს სამინისტროში დაუდასტურეს, რომ რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი გზის  4 კილომეტრიან მონაკვეთზე ავტობანი აღარ იქნება. რუსთაველები ფონიჭალამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალით ჩავლენ, იქიდან კი დასახლებულ პუნქტში მოუწევთ გზის გაგრძელება.

შეგახსენებთ, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობა უკვე 5 წელია გრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×