
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. ერთ-ერთი ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, მიუხედავად შს მინისტრის თხოვნისა აქციის შეწყვეტასთან დაკავშირებით, დაშლა გახარიას მიერ თანამდებობის დატოვებამდე არ იგეგმება.
"ეს ჩვენი სამსახურია, ქუჩა, მაგრამ ისე არ ქნათ, რომ სახლი გახდეს. აღარ გვინდა ისეთი ქვეყანა, სადაც ელემენტარულ საკითხებზე ქუჩაში უნდა ვიდგეთ. ჩვენ ასე უბრალოდ არ წავალთ, ამ მესამე მოთხოვნის გარეშე, დააკმაყოფილეთ მესამე მოთხოვნა და წავალთ სახლში და თქვენც აღარ მიიღებთ პოლიტიკურ ზიანს", - განაცხადა თავის გამოსვლაში დიღმელაშვილმა.
მანვე ახსენა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე და აღნიშნა, რომ მას ისტორიაში შესვლის შანსი ჰქონდა შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებით, თუმცა ეს არ გამოიყენა.
"გუშინდელ დღემდე ვინმეს გაგვახსენდა ბახტაძე? ადამიანი საერთოდ არც გვახსენდება, არც ვაკრიტიკებთ, ვერ იღებს გადაწყვეტილებას. რა გასაწყვეტილებაც არ მიიღო, მთელი ცხოვრება გააწვალებს. ის შევიდოდა ისტორიაში, არა როგორც თოჯინა, არამედ როგორც საქართველოს პირველი პირი, ახლა კი შევა, როგორც ტყუილი", -განაცხადა დიღმელაშვილმა.
მისივე თქმით, აქცია წვიმის გამო არ დაიშლება და ისინი, ვინც გუშინ 37 გრადუს სიცხეში იდგნენ, დღეს წვიმაში იდგებიან.
აქციის მონაწილეები გახარიას მისამართით კვლავ სკანდირებენ: "წადი"