(რეზონანსი) ეს ქვეყანა არ იმსახურებს, რომ ვიღაცის სავარძელში ჩაჯდომის თუ ხეზე ასვლის გამო გადავწვათ, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 20-21 ივნისის მოვლენებს.
მისი თქმით, საზოგადოება პარლამენტის შენობის შტურმს მომდევნო 20 წლის განმავლობაში არ შეეშვება. მინისტრმა საზოგადოებას კითხვით მიმართა, უნდათ თუ არა, რომ პოლიციამ ეს შენობა დაიცვას.
„ამ ეტაპზე გახარიას გადადგომა ნიშნავს, რომ საერთოდ არასწორად მოიქცა პოლიცია, არასწორად მოიქცა უსაფრთხოების სამსახური. ჩვენი ამბავი რომ ვიცი, 5, 10, 20 წელიწადში არ შევეშვებით მაგ შენობის შტურმს და არ გვინდა, რომ დაიცვას პოლიციამ? არასდროს აღარ დაიცვას? ეს არის საზოგადოების დაკვეთა? ყველას მოვუწოდებ - ეგეთი საბაბით ჩვენ თუ ეს ქვეყანა ასეთ რისკამდე მივიყვანეთ, მერე ლარს რა მოუვიდა? ტურიზმს რა მოუვიდა? - მერე ეს კითხვები ბევრად უფრო მძიმეა. ეს ქვეყანა არ იმსახურებს, რომ ვიღაცის სავარძელში ჩაჯდომით თუ ხეზე ასვლის გამო გადავწვათ. მერამდენედ მეორდება, ეს ხომ გავლილი გვაქვს? გიორგი გახარიას მომხრეებს მოვუწოდოთ, რომ სახლში იჯდეს და დანარჩენმა გადაწვას ეს ქვეყანა? ყველა უნდა გაჩერდეს," - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.