(რეზონანსი) „გიორგი გახარიამ გუშინ დაადასტურა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ, რომ მოლაპარაკებაზე შემოთავაზება სწორედ მისგან მოდიოდა" - განაცხადა „ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შს მინისტრის გუშინდელი განცხადებების კომენტირებისას.
მისივე თქმით, გახარიას მოლაპარაკებები აუკრძალეს და დარბევის დაწყება უბრძანეს.
"არაბუნებრივია და გაუგებარია, როდესაც ადამიანი მოლაპარაკებაზე გიწვევს და შეხვედრაზე ჩემი შუამავლობით თანხმობას ღებულობს, რატომ სცემს დარბევის ბრძანებას 10 წუთის შემდეგ. ამ ფაქტს ახსნა ვერ მოეძებნება. მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლება არსებობდეს: გახარიას მოლაპარაკება ვიღაცამ აუკრძალა და ვიღაცამ უბრძანა, დაუყოვნებლივ დაეწყო აქციის დარბევა იმ მომენტში, როდესაც ძიძგილაობა უკვე შეწყვეტილი იყო.
როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. მას მოლაპარაკებების დაწყება აუკრძალეს და დარბევის დაწყება უბრძანეს. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ გახარია ვერ ბედავს და იმას ვერ ამბობს, თუ ვინ გასცა ბრძანება. გახარია საქართველოს უახლოეს ისტორიაში ივანიშვილს ხელს ვერ და არ დაადებს. ასევე, ეს არის მიზეზი, თუ რატომ არ არის გადამდგარი გახარია დღეს. ბიძინა ივანიშვილს ამ პასუხისმგებლობის აღება და გახარიას გაშვება მოუწევს. ეტყობა, აქციის დარბევაზეც და მოლაპარაკების შეწყვეტაზეც გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. ბიძინა ივანიშვილმა თავისი დამღა გახარიას დაარტყა და ამ დამღას სახელად „ჯალათი" ჰქვია. გახარია მთელი ცხოვრება ამ დაღლით ივლის", - განაცხადა ბობოხიძემ.