(რეზონანსი) კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღაიანში, 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის საქმეში კიდევ ორი ადვოკატი ჩაერთო.
ქეთი გაგოევის გარდა, არასრულწლოვანი დედის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ორი წარმომადგენელი - ანა თავხელიძე და ანა არგანაშვილიც დაიცავენ.
„დღეს შედგება წინასასამართლო სხდომა და მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობა გაიმართება, ასევე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაც მოხდება. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ჩვენი მხრიდან, კანონით დადგენილ ვადაში წარდგენილია ყველა მტკიცებულება. უკვე ჩატარებულია ექსპერტიზებიც. რაც შეეხება ბრალდებულის დაცვას, კიდევ ორი ადვოკატი დაიცავს არასრულწლოვანი ბრალდებული დედის უფლებებს - ანა თავხელიძე და ანა არგანაშვილი", - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან" შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა ქეთი გაგოევმა.
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის საქმეზე გორის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა დღეს 16:00 საათზეა დანიშნული.
21 მაისს, კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 7 თვის ბავშვი მამამ სახლში მოკლული იპოვა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში, პოლიციამ ბავშვის განზრაზ მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილი ჩვილის დედა დააკავა, რომელიც არასრულწლოვანია.
გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და „ვ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.