თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი ზურაბ ნადარეიშვილი, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს მიმართავს. ზურა ნადარეიშვილი ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებლის პოსტის კომენტარში წერს:
"როცა ახალგაზრდები რევოლუციას აწყობთ, უნდა იცოდეთ, ჩემო კარგო, რომ ან თვალი დაგეკარგებათ ან საერთოდ თავიც შეიძლება მოძვრეს ვინმეს და დაგორდეს! აბა, როგორ გინდათ?! რევოლუციაც და თან არაფერი გეტკინოთ?! ასე სად არის? დავდო ახლა აქ პარიზში დასახიჩრებული მწვანეჟილეტიანების სურათები? "დაგუგლეთ" და ნახეთ. გადადგა საფრანგეთის მთავრობა? იქნება არჩევნები და ვინც გადასაყენებელია - გადააყენეთ. ასეთია წესი. თუ უწესოდ იქცევით, მზად უნდა იყო, რომ რაღაცას იტკენ!" - წერს ის.
კითხვას, დააფიქსირა თუ არა პოზიცია სახელმწიფო კონსერვატორიამ აქციის დარბევის შესახებ, კომპოზიტორი პასუხობს, რომ კონსერვატორია არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომ განცხადებები აკეთოს მიმდინარე მოვლენებზე.
"იქ თავისუფალი ადამიანები მუშაობენ, ზოგი მიტინგზე წავა და ზოგი სახლში, მათი ნებაა!" - აღნიშნავს ზურა ნადარეიშვილი.
ამავე პოსტის კომენტარებში ის წერს, რომ უამრავი კომპანია რუსეთს აქვს ნაყიდი და ეს მაშინ მოხდა, როცა ის ხალხი იყო ხელისუფლებაში, რომლის დაბრუნება ახლა აქციის მონაწილეებს რევოლუციით სურთ. მისი თქმით, ოკუპაცია სწორედ მაშინ მოხდა და "მაშინ არ მოგდომებიათ პარლამენტში შევარდნა".
(პირველი რადიო)