ყოფილი პარლამენტის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის კუთვნილ შენობებში, რომლებიც თბილისში, ტურგენევის ქუჩაზე მდებარეობს და რომლებიც ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, მიმდინარე რემონტის დროს ღირებული ფრაგმენტები მოხსნეს და უკან აღარ აბრუნებენ.
ფრაგმენტები და ჩუქურთმები, რომლებიც ტურგენევის 2 და 4 ნომრებში ჩამოხსნეს, ღია ცის ქვეშ აწყვია. რემონტზე მომუშავე მუშებმა ადგილობრივებს უთხრეს, რომ რადგან არ აპირებენ ფრაგმენტების უკან დაბრუნებას, შეუძლიათ ისინი აიღონ კიდეც.
ზაქარია ქუცნაშვილმა ტურგენევის ქუჩაზე ორი ბინა სარდაფებით და სხვენით 2018 წელს იყიდა. ეს ქუჩა თბილისის ისტორიულ ნაწილში, განახლებულ აღმაშენებელთან ახლოს მდებარეობს და ყოფილი დეპუტატი იქ სავარაუდოდ სასტუმროების მოწყობას აპირებს.
ხელოსნებმა, რომლებიც ისტორიულ ძეგლს არემონტებენ, დაადასტურეს, რომ ეს შენობა ნამდვილად ყოფილ დეპუტატს ეკუთვნის. სახლის ჩამოხსნილი ფრაგმენტები კი რამდენიმე მოქალაქემ მართლაც წაიღო. ერთ-ერთი მათგანია ნატა ფერაძე, რომელიც ამბობს, რომ თუკი ზედამხედველობის სამსახური ამ სახლების ბედით დაინტერესდება და მათ ნორმალურ რეაბილიტაციას ჩაუტარებენ, სახლის დეტალს უკან დიდი სიამოვნებით დააბრუნებს, მანამდე კი შეინახავს, რომ ამ გზით განადგურებას გადაარჩინოს.
,,ტფილისი ჰამქრის” წევრი, ცირა ელისაშვილი კი ამბობს, რომ ყოფილი დეპუტატი ისტორიული მემკიდრეობის ძეგლზე რემონტს ყველანაირი არქიტექტურული პროექტის გარეშე, წესების დარღვევით აკეთებს.
ტურგენევის ქუჩაზე მისულ ,,რადიო თავისუფლების” გადამღებ ჯგუფს ყოფილი დეპუტატი ადგილზე დახვდა და უთხრა, რომ ეს შენობა მისი კერძო საკუთრებაა, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება აღმოჩნდა. ყოფილი დეპუტატის თქმით, მას ამ სახლების შესაძენად იპოთეკური სესხის აღება დასჭირდა. დეპუტატმა ისიც თქვა, რომ შენობა ძველია, 2 საუკუნეზე მეტი ხნის და ის რეაბილიტაციის შემდეგ კიდევ უფრო ლამაზი და მშვენიერი იქნება.
"მრავალჭირნახული შენობაა, კომუნისტების დროს მოხდა უამრავი ოჯახის შესახლება, დღეის მდგომარეობით ჩვეულებრივი იტალიური ეზოა. როგორც ისტორიკოსები გვეუბნებიან, ეს იყო სასამართლოს შენობა. ფაქტიურად ვეშველები სახელმწიფოს, როცა პირადი სახსრების ვახდენ ექსტერიერის რეაბილიტაციას. ექსტერიერი ნიშნავს ფასადს", – უთხრა ზაქარია ქუცნაშვილმა ,,რადიო თავისუფლებას”.