რეზონანსი
27.06.2019

 (რეზონანსი) Wikipedia-ზე 20 ივნისის აქციის შესახებ ინფორმაცია „გავრილოვის ღამე" - გაჩნდა. ინფორმაციაში აღწერილია ბოლო დღეებში თბილისში განვითარებული მოვლენები.

როგორც ახალშექმნილ გვერდზე წერია, ინფორმაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს მოვლენათა განვითარებასთან ერთად.

„გავრილოვის ღამე" - ეს სახელწოდება 20-21 ივნისის ღამით, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის დროს განვითარებულ მოვლენებს ეწოდა. თბილისში საყოველთაო პროტესტი რუსი დეპუტატის ვიზიტს მოჰყვა, რომელიც ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში დაიწყო.

იმავე ღამით, პარლამენტთან ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. აქტივისტებმა მაღალჩინოსნების გადადგომა მოითხოვეს.

ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ, მომიტინგეებმა პარლამენტის შტურმით აღება სცადეს. ამის შემდეგ პოლიციამ აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო. სამართალდამცველებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები.

დაპირისპირების დროს დაშავდა 240 ადამიანი. მათ შორის 80 პოლიციელი. ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა. აქციაზე დაშავდნენ ასევე ჟურნალისტები. სამართალდარღვევისთვის დააკავეს 305 პირი.

ძალის გადამეტების ფაქტზე 10 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა. ორის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთა.

განვითარებული მოვლენების ფონზე, აზერბაიჯანში მყოფმა ირაკლი კობახიძემ ვიზიტი შეწყვიტა და თბილისში დაბრუნდა. მან პოსტი 21 ივნისს დატოვა.

დეპუტატის მანდატზე უარი თქვა, ანსამბლეის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „ქართული ოცნების" დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დეპუტატს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.

26 ივნისს, ნიკა მელიას პარლამენტმა დეპუტატის მანდატი მოუხსნა, თუმცა სასამართლომ ის დარბაზიდან 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

აქციის მეშვიდე დღეს აქტივისტებს ერთი მთავარი მოთხოვნა რჩებათ. ისინი შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×