
20 ივნისის აქციის ღამეს, სანამ აქციის დაშლა დაიწყებოდა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების წარმოების მცდელობას ჰქონდა ადგილი. როგორც პავლე კუბლაშვილმა imedinews-სთან ინტერვიუში განაცხადა, ის შუამავლის როლს ასრულებდა.
როგორც პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, ის მოლაპარაკებებში საკუთარი ინიციატივით ჩაერთო: "მე ვიყავი აქციაზე როგორც ერთ-ერთი მონაწილე. ვაკვირდებოდი მიმდინარე პროცესებს. რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა ეს დაპირისპირება სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის. როგორც ბევრმა პოლიტიკოსმა, ვინც იქ იყო და ცდილობდა, რომ დაპირისპირება შეწყვეტილიყო და სხვანაირი ფორმა ჰქონოდა მიტინგს, მეც ჩავთვალე, რომ ამისთვის ყველაზე კარგი საშუალება მხარეებს შორის მოლაპარაკება იყო. ამ შემთხვევაში მხარე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ის ადამიანები, ვინც ამ მიტინგის ორგანიზებაში იყვნენ ჩართულები", - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, აქციის ღამეს დაეკონტაქტა "ევროპული საქართველოს" წევრებს, აკაკი ბობოხიძეს და გიგი უგულავას და შესთავაზა შეთანხმება. როგორც პავლე კუბლაშვილი აღნიშნავს, მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობდა 23:00 საათიდან. მისივე თქმით, ბობოხიძე და უგულავა მოლაპარაკებებზე თანახმა იყვნენ, უბრალოდ ამის წინაპირობა უნდა გამხდარიყო დაშორიშორება. "სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის კონკრეტული დაპირისპირების ადგილზე მინიმალური მანძილი მაინც უნდა გაჩენილიყო", - ამბობს პავლე კუბლაშვილი.
მისივე თქმით, იგი პირადად ესაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას. "ის ამ ტიპის შეხვედრაზე და საუბარზე თანახმა იყო", - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.
კითხვას, რატომ ჩაიშალა მოლაპარაკებები, კუბლაშვილი ვერ პასუხობს. "ვერ გეტყვით, სავარაუდოდ ეს ყველაფერი დროში ვერ მოვასწარით და მაგიტომ ვერ შედგა", - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.