ცნობილი ექიმი ანზორ მელია შვილის დაკავებას ელოდება. იგი გულდაწყვეტილია, რომ ასე განვითარდა მოვლენები:
"10 ჩემი ყოფილი პაციენტი იჯდა იმ პარლამენტში, რომლებმაც ნიკას იმუნიტეტის შეჩერებას მისცეს ხმა. მათთან არ მქონია უბრალოდ ავადმყოფის და ექიმის ურთიერთობა - ათწლეულები მაკავშირებდა. ყველაზე მეტად ვინც გული მატკინა. ეს არის კობა კობალაძე. როგორც შვილს მამა უვლის, ასე ვუვლიდი მას. ყველაზე მტკივნეული კობას გადაწყვეტილება იყო დღეს ჩემთვის.
ვფიქრობ, რომ ნიკას დაიჭერენ. 2012 წელს მე "ოცნების" მხარდამჭერი ვიყავი. მეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილი ღმერთმა გამოგვიგზავნა და საქართველოს გადაარჩენდა. ახლა კი ნიკა ხშირად ამბობს, რომ მე უფრო ოპოზიციონერი ვარ, ვიდრე ის. ნიკას ეს ყველაფერი მოუწყვეს. უთხრეს, რომ მინისტრს და პრემიერ-მინისტრს უნდოდა მასთან შეხვედრა და მოტყუებით შეიყვანეს პარლამენტში.
უკვე 72 წლის კაცი ვარ. ერთადერთი, მის შვილზე ვფიქრობ, რომელიც 4 წლინახევრისაა - როგორ უნდა ავუხსნა ეს ყველაფერი. მას არაფერი გამოეპარება. ახლაც ნერვიულობს ხოლმე, როცა მამას სამსახურიდან აგვიანდება", - განუცხადა "პრაიმტაიმს" ანზორ მელიამ.