რეზონანსი
26.06.2019

 (რეზონანსი) პარლამენტში კენჭისყრის დასრულების შემდეგ, რის შედეგადაც ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს, ის მხარდამჭერებთან გავიდა და სიტყვითაც მიმართა.

„ძალიან უსამართლოდ გვაბრალებენ, რომ 20 ივნისს შტურმით გვინდოდა აგვეღო პარლამენტის შენობა. დღეს ნამდვილად ავიღეთ პარლამენტი შტურმით - სიმტკიცით, ძლიერი ერთობით. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ასი ათასობით საქართველოს მოქალაქეს. ვგრძნობდი ამ მხარდამჭერას.

ამდენი ადამიანი ერთად, თავის თავს რომ არ ეკუთვნიან, მოთავსებული ერთ დარბაზში, არ მინახავს. უდიდეს ნაწილს არ უნდოდა ამის გაკეთბა.

როცა მესამეკლასელი, მეოთხეკლასელი და მეხუთეკლასელი ხარ და არ გინდა სკოლაში წასვლა, მაშინაც კი გვითქვამს მშობლისთვის, ბებია-ბაბუისთვის - თავი მტკივა, ფეხი მტკივა და არ წავსულვართ. ესეც ვერ შეძლეს.

ტრაგედია არის ის, რომ ამათ ვიცნობთ, როგორც დეპუტატებს. დღეს გაშიშვლდა მთელი ხელისუფლება და ეს შეძლო ქართველი ხალხის უკომპრომისო ბრძოლამ. თვალებში ვერ მიყურებდნენ. და რა არის ეს, თუ არა გამარჯვება ჩვენი და თქვენი, როდესაც თავდახრილები არიან ჩვენს წინაშე. მათ აუცილებლად მოუწევთ წასვლა მართვის სადავეებიდან. სიმართლე არის ჩვენს მხარეს. არასდროს ისეთი ძლიერები არ ვყოფილვართ, როგორც ახლა და ბრძოლა კი არ უნდა შევანელოთ, უნდა გავზარდოთ მოქმედებაში და სიმტკიცეში.

გახარიას პოლიტიკური თავი აუცილებლად უნდა გაგორდეს აქ უახლოეს დღეებში. არ ვიცი ზუსტად რა გადაწყვეტილებას მიიღებენ აქციის ორგანიზატორები, მართლაც გმირი ახალგაზრდები ზეგინდელ დღესთან დაკავშირებით, როცა ბატონი გახარია თავისივე სურვილით უნდა მობრძანდეს პარლამენტში. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი გახარია, იგივე გავრილოვი, პარლამენტში არ უნდა შევიდეს. ეს იქნება გაუმართლებელი კომპრომისი", - განაცხადა მელიამ.

მან მხარდამჭერებს მოუწოდა, დღეს შეუერთდნენ პარლამენტთან ახალგაზრდების აქციას.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრს ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნეს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა, მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით მიმართა. თავად ნიკა მელია მისთვის ბრალის წაყენებას პატივად აფასებს. დეპუატს წარდგენილი ბრალის თანახმად 4-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×