საქართველოს საპატრიარქო 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, მორიგ განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას დაკავებულების მისამართით, ლოიალურობის გამოჩენისკენ მოუწოდებს:
„კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ გულისტკივილს 19-20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და თანავუგრძნობთ ყველა დაზარალებულს.
ამასთან, მივმართავთ ხელისუფლებას, კანონის შესაძლებლობის ფარგლებში, გამოიჩინონ მაქსიმალური ლოიალობა განსასჯელთა მიმართ.
მართალია, მათი ნაწილი უკვე გათავისუფლდა, მაგრამ ვთხოვთ, იყვნენ შემწყნარებელნი იმ სხვა დაკავებულთადმიც, რომელნიც, გულწრფელ ემოციებს აყოლილნი, ჩაერთნენ პროცესებში.
ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“,- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
20-21 ივნისს, თბილისში, აქციაზე სამართალდარღვევისთვის 305 პირი დააკავეს. ნაწილი ხელწერილის საფუძველზე, ნაწილი სასამართლოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. რამდენიმე პირის საქმეზე კი სასამართლო სხდომები ისევ მიმდინარეობს.
ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე ძალის გადამეტების შესაძლო ფაქტზე 10 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა. ორის მიმართ სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთა.