რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა სერგეი გავრილოვმა რუსეთის ტელეარხ „ენ-ტე-ვეს“ გადაცემაში „შეხვედრის ადგილი“ საქართველოში მომხდარ მოვლენებზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, რუსეთის დელეგაცია თბილისში საპროტესტო აქციებს და უწესრიგობებს არ ელოდა. მისივე ინფორმაციით, საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციებმა უსაფრთხოების წერილობითი გარანტიები მიიღეს, თუმცა მას გადასცეს ოპოზიციის ლიდერის განცხადება, რომლის თანახმადაც „გავრილოვის სტუმრობა არასასურველია, რადგან ის მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთში“. გავრილოვი აცხადებს, რომ ეს ბრალდება შეცდომაა.
„არასდროს ამიღია ხელში იარაღი და მონაწილეობა არ მიმიღია საბრძოლო მოქმედებებში. ცხელ წერტილებში მხოლოდ ჰუმანიტარული მისიით, ქრისტიანების დასახმარებლად ვარ ნამყოფი“, - აღნიშნა გავრილოვმა.
რუსი დეპუტატის თქმით, ოპოზიციის განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია მისმა პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომამ, თუმცა ეს პროტოკოლს შეესაბამებოდა და ასე ხდება ყველა ქვეყანაში.
„ისე რა სავარძელი იყო, არც მაინცდამაინც მყუდრო და კომფორტული. თუმცა ჩვენ მოკრძალებული ხალხი ვართ ტაბურეტებზე დამსხდრებსაც შეგვიძლია მუშაობა“, - განაცხადა სერგეი გავრილოვმა.
(აიპიენი)